ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

ბრავო რექორდსმა დაასრულა მუშაობა უნიკალურ პროექტზე -”მე ვხედავ მზეს”





21 დეკემბერი, 2013

← სხვა სიახლეები

სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით ”ბრავო რექორდსმა” დაასრულა მუშაობა ახალ მუსიკალურ პროექტზე - ”მე ვხედავ მზეს”.ალბომის პრეზენტაცია 20 დეკემბერს ბრავო რექორდსის სტუდიაში გაიმართა. 

პროექტი გულისხმობს CD ალბომის გამოცემას, რომელშიც შედის შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ცნობილი მომღერლების მიერ შესრულებული 10 სასიმღერო კოლაბორაცია, როგორც ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყავარელი ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოები, ასევე ჯერაც უცნობი სიმღერები.

კოლაბორაციები:
1. ნინი ბადურაშვილი და შაბან მამედოვი
2. ნინი ქარსელაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ძმები ცოტნე და თორნიკე ტურაბელიძეები
3. ჯგუფი ”გამოუვალი მდგომარეობა” და მერი პაპუნაიშვილი
4. ნოდიკო ტატიშვილი, მარიამ კაპანაძე და თათია მამუკაშვილი
5. ნატალიკო ქუთათელაძე და თამარ ცალქალამანიძე
6. ბორის ბედია, სულხან გველესიანი და რამინ მიქაბერიძე
7. ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი და ნიკა წიკლაური, ბესო ლეკიაშვილი და ლადო ინასარიძე
8. ანსამბლი ”შვიდკაცა”და ნატალია ვეფხვაძე
9. ”ფორტე”, მაიკო კუცია და ანი სიხაშვილი
10. კვინტეტი ”Quintessential Five” და გოგონათა კვარტეტი

პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი: ცნობილი კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი რუსა მორჩილაძე.

ამ CD ალბომს კიდევ ერთი თავისებურება გააჩნია და ეს ალბომის დიზაინს და მხატვრულ გაფორმებას ეხება. ერთმა ძალიან ნიჭიერმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდამ - ლექსო ფოდიაშვილმა, რომელიც ხატვის საოცარი ნიჭით არის დაჯილდოვებული, CD ალბომის მხატვრული გაფორმებისათვის საკმაოდ ორიგინალური ფორმა შემოგვთავაზა. სპეციალურად ამ პროექტისათვის ალბომის სათაური ”მე ვხედავ მზეს” ცნობილ მხატვარ გია გუგუშვილთან ერთად სამხატვრო ტილოზე ასახა და პროექტს უსახსოვრა. სწორედ მათი ნახატის დეტალებზე დაყრდნობით შეიქმნა ალბომის დიზაინი, რამაც უდიდესი ხიბლი და მიმზიდველობა შესძინა ალბომს.

პროექტის ძირითადი მიზანია მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში მაქსიმალურად ინტეგრაციის ხელშეწყობა საზოგადოების მხრიდან და მათი პრობლემების მიმართ მაქსიმალური ყურადღების გამახვილება.


პრეზენტაციას ესწრებოდა პროექტის ყველა მონაწილე, როგორც ცნობილი მომღერლები, ასევე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები. პრეზენტაციას წარუძღვნენ: სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი - ლევან ყიფიანი, ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის უფროსი - ნუგზარ კანდელაკი, ბრავო რექორდსის პრეზედენტი - ზაზა შენგელია.


პროექტის სპონსორები არიან:
კლინიკა ”თალიზი” და ”ქეი-ეს-ბი ბანკი”

 

ფოტოები სტუდიაში ჩაწერის პროცესში

 

 

 პრეზენტაცია ბრავო რექორდსის სტუდიაში: