ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

მომღერალ მარიამ ელიეშვილის სადებიუტო ალბომის პრეზენტაცია





9 დეკემბერი, 2016

← სხვა სიახლეები

ახალგაზრდა მომღერალ მარიამ ელიეშვილის სადებიუტო ალბომის გამოსვლასთან დაკავშირებით, "ბრავო რექორდსში" პრესკონფერენცია შედგა. ალბომში "ველოდები მზეს" შესულია ქართული ცნობილი სიმღერები სრულიად განსხვავებული არანჟირებებით, მათ შორის არის გია ყანჩელის ლეგენდარული სიმღერა „საით მიდიხარ“, ხალხური „გელინო“, „ახ, ტურფავ, ტურფავ“, გოგი ცაბაძის „მზე ჩადის“, კახა ცაბაძის „ვიყავი მარტო“ და სხვა.
მარიამი მუსიკით ადრეული ასაკიდან ინტერესდებოდა. დამთავრებული აქვს ა. მიზანდარის სახელობის პირველი მუსიკალური სასწავლებელი, ფორტეპიანოს განხრით, სადაც პედაგოგები ურჩევდნენ კლასიკურ მუსიკას გაჰყოლოდა, თუმცა, საზოგადოებამ სრულიად განსხვავებული ჟანრის სიმღერით გაიცნო. მარიამის მუსიკალურ კარიერაზე გარდამტეხი გავლენა იქონია 2013 წელს, სკვერში გადაღებულმა და ინტერნეტში გავრცელებულმა ვიდეომ, სადაც მომღერალი ფანდურზე ასრულებდა სიმღერას „ჩვენ ახლა ერთურთს“, რომელსაც ამჟამად 10 მილიონამდე ნახვა აქვს „Youtube“-ზე. მომღერალი პარალელურად, თავისუფალი უნივერსიტეტის ბიზნესის ადმინისტრირების ფაკულტეტზე სწავლობს. არასდროს უფიქრია, რომ მომღერალი გახდებოდა, თუმცა, დღესდღეობით მუსიკა მისი განუყოფელი ნაწილია.
უნდა აღინიშნოს, რომ „ბრავო რექორდსი“-სთვის მსგავსი ჟანრის ალბომზე მუშაობა პირველი იყო.