ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

უნიჭიერესი ქართველი მომღერალი ვაჟა მანია ნიუ იორკის საერთაშორისო ჯაზ კონკურსის ფინალისტია





27 იანვარი, 2017

← სხვა სიახლეები

უნიჭიერესი ქართველი მომღერალი ვაჟა მანია ნიუ იორკის საერთაშორისო ჯაზ კონკურსის ფინალისტია !!!!

სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ნიუ იორკის საერთაშორისო ჯაზ კონკურსის "MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION" ფინალისტების ვინაობა.
“ვაჟა მანიას კვარტეტი” (ვაჟა მანია (ვოკალი), პაპუნა შარიქაძე (ფორტეპიანო), გიორგი კაპანაძე (დასარტყამი ინსტრუმენტი) და გიორგი კიკნაძე (კონტრაბასი) იმ შემსრულებელთა შორის მოხვდა, რომელთაც ყველაზე მეტი ხმა დააგროვეს.
საკონკურსო კომპოზიცია "Duke Ellington’s Sound Of Love" შეირჩა, რომელიც ხმის ჩამწერ სტუდია „BRAVO RECORDS“-ში ჩაიწერა.
წელს კონკურსის ჟიურის წევრები LENNY WHITE, RANDY BRECKER და MIKE STERN პრესტიული მუსიკალური ჯილდოს - "გრემის" მფლობელი და მრავალგზის ნომინანტები არიან. ახლა სწორედ მათ უნდა გადაწყვიტონ ვინ გახდება კონკურსის გამარჯვებული. შედეგები რამდენიმე დღეში გახდება ცნობილი.
"MADE IN NEW YORK JAZZ COMPETITION" ჯერ მხოლოდ 3 წელია, რაც მსოფლიო მუსიკალურ პლატფორმაზე გამოჩნდა და მის ანგარიშზე უკვე 2,5 მილიონი ატვირთული ვიდეო, 30 000 დარეგისტრირებული ჯაზ მუსიკოსი და კონკურსის ათეულობით მონაწილეა მსოფლიოს 55 ქვეყნიდან.
ყოველწლიურად მსმენელების და ჟიურის წევრების ხმების დაჯამების შედეგად ვლინდება სამი გამარჯვებული, რომელთაც სხვადასხვა ჯილდოს მოპოვების გარდა შესაძლებლობა ეძლევათ მონაწილეობა მიიღონ გალა-კონცერტში, რომელიც ტრადიციულად მაისის ბოლოს ნიუ იორკში TRIBECA PERFORMING ARTS CENTER-ში იმართება. შემდგომ "MADE IN NEW YORK JAZZ FESTIVAL" მოგზაურობას იწყებს სხვადასხვა ქვეყნებში.
როგორც კონკურსის ბრენდ ამბასადორი თეა გრიგოლაშვილი ამბობს, შესაძლოა ფესტივალი საქართველოშიაც გაიმართოს.
“მოხარული ვარ, რომ წელს პირველად კონკურსს ქართველი მონაწილეებიც შეუერთდნენ: ვაჟა მანიას კვარტეტი და მაია ბარათაშვილი თბილისის ბიგ-ბენდის თანხლებით. რა თქმა უნდა, პირველ რიგში კონკურსში მონაწილეობაა მთავარი, თუმცა პირადად ჩემთვის დიდად სახიხარულო იქნება, თუ სამ გამარჯვებულ კონკურსანტს შორის ქართველი მონაწილეებიც აღმოჩნდებიან. ამასთანავე მინდა მოგახსენოთ, რომ "MADE IN NEW YORK JAZZ FESTIVAL"-ის ჩატარდება საქართველოშიაც იგეგმება.”