ახალი ამბები ყველაფერი, რაც საინტერესოა

საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციამ (ACAG) 'პირატობის" წინააღმდეგ პრინტ კონკურსი ჩაატარა





6 თებერვალი, 2017

← სხვა სიახლეები

„ბრავო რექორდსი“, როგორც წამყვანი მუსიკალური ბიზნეს კომპანია საქართველოში, ყოველთვის აქტუალიზაციას უკეთებს ე.წ. „პირატობის“ პრობლემას და მის მნიშვნელობას საქართველოში მუსიკის განვითარებაში, რადგან ეს პრობლემა ყოველთვის ხელს უშლიდა და დღესაც უშლის მუსიკოსებს აკეთონ ხარისხიანი მუსიკა და ამაში აიღონ შესაბამისი ჰონორარი, როგორც ხდება მთელს მსოფლიოში. „ბრავო რექორდსი“ მიესალმება „პირატობის“ წინააღმდეგ წამოწყებულ ნებისმიერ აქტივობას, რადგანაც ამ პრობლემის აღმოფხვრა და მინიმიზაცია პირდაპირ კავშირშია მუსიკალურ ბიზნესთან და მის განვითარებასთან, რაც პირველ რიგში იმაში გამოიხატება, რომ მუსიკალურ სფეროში დაკავებული ადამიანები: კომპოზიტორები, ტექსტის ავტორები, შემსრულებლები, არანჟირების ავტორები შეძლებენ საკუთარი შრომით ფინანსური შემოსავლების გენერაციას. აქედან გამომდინარე „ბრავო რექორდსი“ მხარს უჭერს საქართველოს საკომუნიკაციო სააგენტოების ასოციაციას [ ACAG ], რომელიც 2015 წელს დაფუძნდა და საქართველოში მოქმედ წამყვან სარეკლამო სააგენტოებს აერთიანებს. 1 თებერვალს ასოციაციამ წევრ სააგენტოებს შორის პრინტ კონკურსი გამოაცხადა, რომელიც მიმართული იყო “პირატული” პროდუქციის მოხმარებაზე საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისაკენ.
დღესდღეობით კანონმდებლები და საავტორო უფლების მქონე პირები, თანხმდებიან იმაზე, რომ საავტორო მასალების “პირატულად” გავრცელება არის არამხოლოდ დაკარგული მოგება, არამედ კრიმინალური მოქმედება, რომელიც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ფინანსურ სტაბილურობას, დასაქმების დონესა და ინოვაციებს. ტექნოლოგიების განვითარებამ ძალიან გაამარტივა “პირატების” საქმიანობა. სამი ყველაზე პრობლემური პროდუქტი საავტორო უფლებების დაცვასთან დაკავშირებით არის მუსიკა, კომპიუტერული პროგრამები და ფილმები. “პირატული” პროდუქცია გამოდევნის ბაზრიდან ორიგინალ პროდუქტს, ამცირებს საკუთრების უფლების მქონე პირთა საბაზრო წილს და ამცირებს ფასებს. საქართველოს ბაზარიც არ არის გამონაკლისი და “პირატულ” პროდუქციაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა, რომელიც თავის მხრივ მიწოდებასაც ქმნის. ერთის მხრივ ამ პრობლემის მოგვარებაზე მუშაობს კანონი, მაგრამ საჭიროა საზოგადოებაში ცნობიერების ამაღლება იმის შესახებ თუ რა პრობლემას იწვევს ეს ყველაფერი.
ქართველი მუსიკოსების მიერ საქართველოში მუსიკალური ალბომის გამოშვებასა და ახალი მუსიკის შექმნას თითქმის არანაირი აზრი არ აქვს, რადგან მალევე ის ჩნდება ბაზარზე და ვრცელდება უფასოდ ინტერნეტით. პრინტ კონკურსის მიზანია შეიქმნას პოსტერები, რომლებიც დააფიქრებს ქართველ მომხმარებელს იმ ეფექტზე, რაც მათ მიერ “პირატულად” შეძენილ მუსიკას მოაქვს ეკონომიკისთვის, თავად არტისტისთვის და შოუ ბიზნესის განვითარებისთვის.
სააგენტოების ნამუშევრებს კი აფასებდნენ პარტნიორი ჟურნალების წარმომადგენლები: ანი ცაბაძე – National Geographic საქართველო; ნინკა მიშელაძე – Indigo; მაიკო წერეთელი – OK! Magazine Georgia, Focus.
კონკურსის შედეგები 3 თებერვალს გახდა ცნობილი.
ადგილები ასე გადანაწილდა: 1ადგილი - ABK, 2 ადგილი - Switch Communications, 3 ადგილი - Elliot Webber, 4 ადგილი - Branding.ge, 5 ადგილი - Live Branding, 6 ადგილი - Windfor’s, 7 ადგილი - Leavingstone, 8 ადგილი - Saatchi & Saatchi, 9 ადგილი - HOLMES & WATSON
იხილეთ პოსტერები