ჩვენი გუნდი გამოცდილი და ძლიერი გუნდი

ჩვენი გუნდი

ზაზა შენგელია

პრეზიდენტიზაზა შენგელია საქართველოში პირველი სტუდენტური როკ ფესტივალების ორგანიზატორია, რაც უპრეცედენტო იყო 70-80-იანი წლების პერიოდის საბჭოთა საქართველოში. 1989 წელს ზაზა ვარშავაში პირადად შეხვდა და ინტერვიუ ჩამოართვა თავის მუსიკალურ ფავორიტს, ლეგენდარულ სტივი უანდერს. 90-იან წლებშიც, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ზაზამ თავისი კარიერა მთლიანად საქართველოში ტელეინდუსტრიის და მუსიკალური ბიზნესის განვითარებას მიუძღვნა.

ზაზა ცნობილი პირია მედია წრეებში, რამდენადაც იგი საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ტელეარხის “იბერვიზიის” დამაარსებელია, ასევე ზაზას უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალი “მანა”, რომელმაც ქართულ ტელე-სივრცეში მოღვაწე მრავალ ახალგაზრდა ტელეჟურნალისტს მისცა საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. 2000 წელს ზაზამ თავის თანამოაზრეებთან ერთად შექმნა ტელეკომპანია “მზე”. 1999-2005 წლებში იყო საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი. მისი მოღვაწეობის პერიოდში აღნიშნული ორგანიზაცია BBC-ს მოდელით საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა, პარალელურად კომპანია ევროპის მაუწყებელთა კავშირის ნამდვილი წევრი გახდა. საქართველოს ტელესივრცეში ზაზას ინიციატივით განხორციელდა რამოდენიმე მუსიკალური პროექტი, ცოცხალი მუსიკალური და ტალანტ შოუები, შედგა პირველი სატელევიზიო მუსიკალური ჩარტები.

ზაზა წლების მანძილზე არის შოუ-ბიზნეს კომპანია Eastern Promotion-ის და სატელევიზიო სტუდიო TBC TV Studio-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი. ეს უკანასკნელი ქმნის ფართო სპექტრის გასართობ, საგანმანათლებლო და დოკუმენტურ სატელევიზიო პროგრამებს.

თავისი მოღვაწეობის მანძილზე ის თანამშრომლობდა ისეთ ვარსკვლავებთან, როგორებიც არიან რეი ჩარლზი, ჯეი ქეი ჯგუფ “ჯემიროქვაი”-დან, ჰერბი ჰენკოკი, ჯო კოკერი, ჯო ზავინული, ჯორჯ ბენსონი, ჯეიმს ბრაუნი, ელ ჯერო და სხვა. ყველა ეს ცნობილი მუსიკოსები მონაწილეობდნენ სხვადასხვა პერიოდის თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალებში. 2004 წელს ზაზამ ინტერვიუ ჩამოართვა თავის მუსიკალურ კერპს უიტნი ჰიუსტონს მოსკოვში.

უკანასკნელ წლებში ზაზა გახლდათ ტელეარხ “რუსთავი 2”-ის პოპულარული ტალენტ-შოუს “ვარსკვლავების აკადემიის” ჟიურის თავმჯდომარე. და აგრეთვე 2009 წლის ევროვიზიიის სიმღერების კონკურსის ეროვნული შერჩევის ჟიურის წევრი. ბრიტანულ მუსიკალურ კომპანია Stephen Budd Management-თან ერთად, ზაზამ ორგანიზება გაუწია კონკურსის გამარჯვებული ჯგუფის - Stephane+3G-ის წარმატებულ საგასტროლო ტურნეს ევროპის 14 ქვეყანაში, რის შემდგომაც პირველად ისტორიაში ქართული ჯგუფი MTV-ის მუსიკალური ჩარტების მეექვსე ადგილზე მოექცა.

“ბრავო რექორდსის” შექმნაზე ზაზა 33 წელი ოცნებობდა. ამჟამად ის კომპანიის პრეზიდენტის თანამდებობას იკავებს და გუნდის სხვა წევრებთან ერთად აქტიურად მუშაობს ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაზე.

გუგა გუნცაძე

გენერალური დირექტორიგუგა ბავშობიდან მელომანია. უკრავს ფორტეპიანოსა და ბას გიტარაზე. უმაღლესი განათლება მიიღო ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში (ბუდაპეშტი, უნგრეთი) და ბოკონის უნივერსიტეტში (მილანი, იტალია) საერთაშორისო ბიზნეს ადმინისტრირების და საერთაშორისო ეკონომიკის განხრით. მუშაობდა სადაზღვევო სექტორში, კერძოდ, „ალდაგი ბი სი აი“-სა და „იმედი L“-ში, სადაც კონტროლის და ადმინისტრირების დეპარტამენტის ხელმძღვანელის პოზიცია ეკავა . “ბრავო რექორდს” 2015 წლის დასაწყისში შეუერთდა. თვლის, რომ საქართველოში მუსიკალური ინდუსტრია განვითარების პროცესშია და მოხარულია, რომ მას “ბრავო რექორდსის” გუნდთან ერთად თავისი წვლილი შეაქვს ამ პროცესში.

თათა ქრისტესაშვილი

მარკეტინგისა და PR მენეჯერითათა მუსიკალურ ბიზნეს კომპანია „ბრავო რექორდსი“-ს გუნდს 2015 წლიდან შეუერთდა. 2012 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, არქიტექტურის ურბანისტიკის და დიზაინის ფაკულტეტი. ნამუშევარი აქვს სხვადასხვა არქიტექტურულ კომპანიებში არქიტექტორისა და დიზაინერის პოზიციებზე. „ბრავო რექორდსში“ მუშაობის დაწყება მისთვის ახალი გამოწვევა იყო. თავდაპირველად თათა www.bravissimo.ge-ს კოორდინატორი გახლდათ, დღეს კი, „ბრავო რექორდსის“ მარკეტინგისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერია.

ზურაბ ბეჟაშვილი

იურიდიული სამსახურის უფროსი„ბრავო რექორდსის“ გუნდს ზურაბი 2014 წელს შეუერთდა. იგი არის სამართლის მაგისტრი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტი, ასევე სწავლობს ჰარვარდის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის ონლაინ კურსზე. განცოხრციელებული აქვს რამდენიმე სამეცნიერო კვლევა. პარალელურად გახლავთ აღმოსავლეთ ევროპის უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მოწვეული ლექტორი. სხვადასხვა დროს მუშაობდა საქართველოს საავტორო უფლებათა ასოციაციაში, საქართველოს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტში, საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სამართალშემქომედების დეპარტამენტში და სხვა. დღეის მდგომარეობით ზურაბი საავტორო უფლებების ექსპერტი და კერძო სამართლის სპეციალისტია, იგი საერთაშორისო დონეზე უფლების მფლობელებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. მთლიანობაში კი, მნიშვნელოვან როლს ასრულებს „ბრავო რექორდსის” წარმატებაში და მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაში.