პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

ჯგუფი ”შინ” - "არაჩვეულებრივი გამოფენა"

 14 წლიანი გერმანიაში მოღვაწეობის შემდეგ ჯგუფი ”შინ” დაუბრუნდა სამშობლოს და ”ბრავო რექორდსში” ჩაწერა უნიკალური და ინოვაციური ალბომი - ”არაჩვეულებრივი გამოფენა”.
ალბომში შესული თორმეტივე მუსიკალური ნაწარმოებების კონცეფცია აგებულია იმ მუსიკალურ ნაწარმოებებზე, რომლებმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჯგუფის თითოეული წევრის დამოკიდებულებაზე ზოგადად მუსიკის მიმართ. ანუ პრაქტიკულად ეს მუსიკალური პროექტი არის ერთგვარი მიძღვნა იმ მუსიკოსებისადმი, რომლებმაც განაპირობეს ჯგუფ ”შინის” წევრების მუსიკალური მსოფლმხედველობა და კრედო. სწორედ ამიტომაა პროექტის სახელწოდება ”არაჩვეულებრივი გამოფენა”. პროექტში თავმოყრილია გია ყანჩელის, ჩიკ კორეას, ხოაკინ როდრიგოს, მაიკლ სტერნის, მაილს დევისის და რაღა თქმა უნდა ქართული ხალხური მუსიკის მოტივები, რომლებიც ”შინის” წევრებმა თბილისის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით ახლებლური ინტერპრეტაციით შესთავაზეს ქართველ მსმენელს. პროექტის ძირითადი ნაწილი გია ყანჩელის მუსიკალურ თემებს ეძღვნება, რაც ჯგუფის თითოეული წევრის მხრიდან უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას გამოხატავს ლეგენდარული ქართველი მაესტროს მიმართ. ალბომში მონაწილეობენ თბილისის კონსერვატორიის ვოკალური კვარტეტი და სპეციალურად ამ ალბომის ჩაწერებისატვის უცხოეთიდან მოწვეული უდიდესი უცხოელი სესიური მუსიკოსები:

- ხორხე პარდო - ესპანელი ფლეიტისტი რომელიც პაკო დე ლუსიასთან და ჩიკ კორეასთან ერთად არა ერთ პროექტზე მუშაობდა;
- ილიას მირზაევი - თანამედროვე თურქული მუსიკის წამყვანი კომპოზიტორი, რომელსაც ასევე ეკუთვნის ამ პროექტის ყველა მუსიკალური ნაწარმოების არანჟირება;
- ნორმუნდ შნე - ლატვიელი ჰობოისტი და დირიჟორი, რომელიც რამოდენიმე პროექტზე ჯოზეფ ზავინულთან მუშაობდა;
- რეი კაჩინსკი - ამერიკელი დრამერი, რომლის კარიერაც უკავშირდება რენდი ბრეკერს, ჯო ლოვანოს და რამნად ვ. რაგავალს.


პროექტის მუსიკალური კონცეფცია და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანების ჩართულობა ხაზს უსვამს პროექტის მასშტაბურობას და მრავალფეროვნებას, რაც თავის მხრივ კულტურათა დიალოგის ერთგვარი გამოხატულებაცაა.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა მომავალში ჯგუფი ”შინ” გახდეს ”ბრავო რექორდსის” Signed მუსიკალური ჯგუფი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფის შემდგომ გრძელვადიან მუსიკალური კარიერის მენეჯმენტს განახორციელებს მუსიკალური ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდსი”.