პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

ოთო ნემსაძე - "ფიქრების ზღვა"

ოთო ნემსაძე 2010 წლის ნამდვილი აღმოჩენაა ქართული მუსიკალური სცენისათვის. იგი რუსთავი 2-ის გახმაურებული მუსიკალური პროექტის - ”ჯეოსტარი”-ის გამარჯვებულია. პროექტის გენერალურმა სპონსორმა ”ჯეოსელმა” ოთოს სადებიუტო ალბომის დაფინანსება გადასცა ჯილდოდ. ოთოს ალბომის ჩაწერა და გამოცემა მუსიკალურ ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდსმა” განახორციელა.

ალბომის მუსიკალური კონცეფციის იდეა ”ჯეოსტარის” ერთ-ერთი ტურის შემდეგ დაიბადა, სადაც ოთომ სიმღერა „თოვლი“ შეასრულა. იდეა, ცნობილი კომპოზიტორის და შემსრულებლის, თბილისის კოლორიტისა და საპატიო მოქალაქის ოთარ რამიშვილის სიმღერების ახლებურად შესრულებას გულისხმობდა. ოთარ რამიშვილის საყოველთაოდ ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს თანამედროვე და საკმაოდ ორიგინალური არანჟირებები უნიჭიერესმა მუსიკოსმა ზვიად ბოლქვაძემ მიუსადაგა.

ალბომში სახელწოდებით ”ფიქრების ზღვა” შედის ოთარ რამიშვილის 10 საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები. ასევე ოთოს ერგო პატივი, შეესრულებინა, სამწუხაროდ, ბოლო დუეტი სიმღერაზე ”თოვლი” ოთარ რამიშვილთან ერთად, რომელიც დამატებით, ბონუს მუსიკალურ ნაწარმოებად შევიდა ამ ალბომში.ოთოს ხმის ტემბრმა და შესრულების მანერამ პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები თანამედროვე არანჟირებით უფრო მიმზიდველი გახადა დღევანდელი ახალგაზრდობისათვის.