პროექტები ყველა მუსიკალური ჟანრი

ანსამბლი "ქართული ხმები" - საიუბილეო CD ალბომი

ანსამბლ ”ქართული ხმების” ახალი თაობის 15 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილ ახალ CD ალბომზე ანსამბლის წევრების და ”ბრავო რექორდსის” გუნდი 2 წლის განმავლობაში მუშაობდა. ალბომში შესულია ყველა იმ ჟანრის ნაწარმოები, რომელშიც ჯგუფის წევრებს მთელი ამ ხნის განმავლობაში უმუშავიათ. მუსიკალური ნაწარმოებები ორ დისკზეა გადანაწილებული. პირველ დისკზე თავმოყრილია ქართული ხალხური სიმღერების, ხოლო მეორეზე სრულიად ახალი სასიმღერო კომპოზიციების და ასევე საყოველთაოდ ცნობილი და პოპულარული ჰიტების აბსოლუტურად ექსპერიმენტული, განსხვავებული ვოკალური და ინსტრუმენტული არანჟირებით შექმნილი ვერსიები. ალბომის ჩაწერებში მონაწილეობა მიიღეს ისეთმა მუსიკოს-შემსრულებლებმა როგორებიც არიან: ნიაზ დიასამიძე, რომა რცხილაძე, ნანი ბრეგვაძე, სალომე ბაკურაძე, ზვიად ბოლქვაძე, მიშა მდინარაძე, დავით მალაზონია და ა.შ.

CD ალბომის პრეზენტაცია კონცერტის სახით, სიმფონიური ორკესტრის - „კამერატა ჯორჯიას“ და „ბრავო ბენდის“ თანხლებით, თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში შედგა. კონცერტში, რომელზეც ალბომში შესული 15 მუსიკალური ნომერი შესრულდა, „ქართულ ხმებთან“ ერთად მონაწილეობას იღებდნენ ნიაზ დიასამიძე, სალომე ბაკურაძე და ზვიად ბოლქვაძე. მუსიკალური ნომრების გარდა კონცერტზე მისულ მსმენელს საშუალება ჰქონდა ენახა პროექტზე მუშაობის სრული პროცესი ვიდეო ფილმების საშუალებით. კონცერტის ბოლოს გაიმართა ე.წ. ”ალბომზე ხელის მოწერის ცერემონიალი”, სადაც ანსამბლის წევრებმა, სპეციალურად მოწყობილ ადგილას, მსურველებს დაურიგეს ავტოგრაფები და მათთან ერთად სამახსოვროდ ფოტოები გადაიღეს.