ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

“ბრავო რექორდსის” უპრეცედენტო პროექტი





24 თებერვალი, 2012

← სხვა სიახლეები

“ბრავო რექორდსმა” სოფო ნიჟარაძის პროექტის ფარგლებში უპრეცედენტო კოლაბორაცია განახორციელა. სოფო ნიჟარაძე დუეტს ჩაწერს ამერიკული პოპ მუსიკის ამომავალ ვარსკვლავთან, სტივი უანდერის ბექ-ვოკალისტ დეჟა გომესთან. ბევრი ცნობილი მომღერლის კარიერა სწორედ ბექ-ვოკალისტობით იწყება, მათ შორის უიტნი ჰიუსტონის. სიმღერის ავტორი რუსა მორჩილაძეა, შეიძლება ითქვას ეს მის მიერ შექმნილი ერთერთი საუკეთესო სიმღერაა, რომელიც აუცილებლად ჰიტი გახდება. არანჟირებას კი გენიალური მუსიკოსი, წლების მანძილზე ჯგუფ Earth, Wind & Fire-ის მუსიკალური ხელმძღვანელი მორის ფლეჟერი გააკეთებს. კომპოზიტორებს შორის ასეთი დონის თანამშრომლობა შეიძლება ითქვას პირველად შედგა. ქართველი და ამერიკელი მუსიკოსების ეს კოლაბორაცია ახალ სიმაღლეზე აიყვანს ჩვენს ურთიერთობებს ამ სფეროში და მომავალში არაერთი ერთობლივი პროექტის პერსპექტივას გააჩენს. სიმღერის ტექსტი მეგობრობაზეა. დეჟა გომესთან ერთად ჩამოდის მისი პროდიუსერი გრეგ ქოკლი, რომელიც ამერიკის მუსიკალური ინდუსტრიის ერთერთი გამოცდილი და სერიოზული წარმომადგენელია. ის იყო Earth, Wind & Fire-ის და სტივი უანდერის ტურ მენეჯერი, ასევე არაერთი ვარსკვლავის პროდიუსერი, მათ შორის აშერის, ჩაკა ჰანის, ზიგი მარლეის და ა.შ.

“ბრავო რექორდსი” სოფო ნიჟარაძის 2 დისკიან ალბომზე მუშაობს, ერთ CD-ზე ქართული, მეორეზე კი უცხოური რეპერტუარი ჩაიწერება, რომელიც სავარაუდოდ შემოდგომაზე გამოიცემა. სოფოს და დეჟას დუეტი სწორედ უცხოური დისკისთვის არის განკუთვნილი, რომლის ძირითადი ნაწილი შვედეთში ჩაიწერა. ქართულ ალბომში შევა როგორც ჰიტები, ასევე სპეციალურად სოფოსთვის შექმნილი ახალი სიმღერები. ქართული ალბომი მთლიანად “ბრავო რექორდსში” ჩაიწერება.

დეჟა გომესი (Dejah Gomez) ახალგაზრდა მომღერალია. მან სიმღერა ადრეულ ასაკში, ხუთი წლისამ დაიწყო და მხოლოდ 15-ის იყო, როცა თავისი პირველი კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ სტუდიასთან. იგი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც სტივ უანდერთან დაიწყო მუშაობა. მას ტურნეები ჰქონდა მსოფლიოს გარშემო და თეთრ სახლშიც კი იმღერა ლეგენდარულ სტივ უანდერთან ერთად. დეჟას მსოფლიოში სახელგანთქმულ მესაყვირესთან, კრის ბოტისთან ერთადაც უმღერია. მან American Idol-ის ბენეფისზე მერაია ქერისთან ერთად იმღერა. 2009 წლის გრემის დაჯილდოებაზე მან სიმღერები შეასრულა ჯასტინ ტიმბერლეიკთან, ელ გრინთან, სმოუქი რობინსონთან, ნე-იოსთან და ჯეიმი ფოქსთან ერთად. ბროდვეის ტონის ჯილდოს მფლობელ სპექტაკლში- “მეფე ლომი”, დეჟა სიმბას შეყვარებულს, ნალას ანსახიერებდა. როკ’ენ’როლის დიდების ჰოლის 25-ე წლისთავზე ის ჩვენ ვიხილეთ სტივ უანდერის, სტინგის, სმოუქი რობინსონისა და ჯონ ლეჯენდის ბექებში. წლევანდელ გრემის დაჯილდოებაზე მან ქანთრის ლეგენდასთან გლენ ქემპბელთან ერთად იმღერა. 1997 წელს გამოცემული აქვს პირველი სოლო ალბომი. www.dejahgomez.com

მორის ფლეჟერი (Morris Pleasure) კონექტიკუტის უნივერსიტეტში სწავლის პირველივე წელს სასწავლებლიდან გამოიპარა იმის გამო, რომ რეი ჩარლზის მსოფლიო ტურნეზე ბასზე დაეკრა. ის გამოდიოდა ჯაზისა და R&B-ის ისეთ ტალანტებთან, როგორებიც არიან ჯორჯ დიუკი, ნატალი კოული, რეიჩელ ფერელი, რობერტა ფლეკი, მარკუს მილერი. ბოლო პერიოდში მუშაობდა რეიჩელ ფერელთან, Earth, Wind & Fire-თან, მაქსველთან, მაიკლ ჯექსონთან, ჯენეტ ჯექსონთან, კრისტინა აგილერასთან და დევიდ ფოსტერთან. მისმა კომპოზიციებმა ფილმებშიც გაიჟღერეს. ფილიპ ბეილისთან ერთად დაწერილი აქვს EWF სინგლი“Cruisin”- სპაიკ ლის ფილმისთვის “Get on the bus”. 2009 წელს მოს დიდი პატივი ხვდა წილად დაეკრა მაიკლ ჯექსონის ბოლო ტურნეში მის ბენდთან ერთად, რაც იმავე წლის შემოდგომაზე, ლონდონის O2 Arena-ზე იგეგმებოდა. მორისი და მაიკლის ბენდის დანარჩენი წევრები მაიკლისადმი მიძღვნილ სულის შემძვრელ საღამოზე გამოვიდნენ 2009 წლის 7 ივლისს, ლოს-ანჯელესის Staples Center-ში. ის ასევე მონაწილეობს ისტორიაში ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგულ დოკუმენტურ ფილმში “THIS IS IT”, რომელიც მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა. www.mopleasure.com

გრეგ ქოკლი (Greg Coacley) დეჟა გომესის პროდიუსერი. გრეგი 25 წელია მოღვაწეობს მუსიკალურ ბიზნესში, იგი მუშაობდა საუკეთესო მუსიკოსებიდან საუკეთესოთა შორის. იყო Earth Wind and Fire-ს და სტივი უანდერის ტურ მენეჯერი. ჩაკა ჰანის კონცერტის პროდიუსერი. დაფუძნებული აქვს საკუთარი კომპანია, რომელიც საკონცერტო ტურებისა და სხვადასხვა ივენთების ორგანიზებას, არტისტების კარიერის მენეჯმენტსა და პრომოუშენს ახორციელებს. მისი კლიენტები არიან Stevie Wonder, Eric Benet, Sinbad, Earth Wind & Fire, Usher, TLC.

2 მარტს დეჟა გომესი თბილისში ჩამოფრინდება. მისი საქართველოში ყოფნის 6 დღე საკმაოდ დატვირთული იქნება. მის განრიგშია “ბრავო რექორდსში” სიმღერის ჩაწერა, ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნაობების დათვალიერება,  კლიპის გადაღება და პრესკონფერენცია.