ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

”ბრავო რექორდსი” სამორის სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე მუშაობას ასრულებს





14 დეკემბერი, 2012

← სხვა სიახლეები

“ცეკვავენ ვარსკვლავების” პირველი სეზონის გამარჯვებული - სამორი ბალდე ”ბრავო რექორდსში”  სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე მუშაობას ასრულებს. პროექტმა ”ცეკვავენ ვარსკვლავები” ახალგაზრდა შემოქმედს დიდი პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა. პროექტის მხარდამჭერმა ბანკმა ”რესპუბლიკამ”, ჯგუფი ”სოსიეტე ჯენერალი” გაითვალისწინა სამორის უმთავრესი ინტერესი - მუსიკა და მისთვის  ყველაზე სასურველი საჩუქარი - პირველი ალბომის დაფინანსება გადასცა ჯილდოდ. ალბომზე მუშაობა  ”ბრავო რექორდსში” ამჟამად მიმდინარეობს და რამოდენიმე დღეში დასრულდება. 

“ბრავო რექორდსმა” ჰიპ-ჰოპ ალბომზე  მუშაობა თავისი არსებობის ისტორიაში პირველად განახორციელა, რაშიც მთელი გუნდი ძალიან დიდი ინტერესით და გულმოდგინებით ჩაერთო. ალბომის დიზაინის კონცეფცია ჯგუფის წევრების ყოველდღიური ცხოვრების სტილის საფუძველზე გაკეთდა, რომელშიც ნათლად ჩანს მათი სტილი და მსოფლმხედველობა.  ალბომში შესულია 10  მუსიკალური ნაწარმოები, რომლებიც ქართულ ენაზე სრულდება. სამორი და გროტასკი ერთობლივად  ქმნიან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომელთა არანჟირების და ტექსტის ავტორებიც თავადვე არიან.  ალბომში შესული სიმღერების მიქსინგზე და მასტერინგზე გიორგი გვარჯალაძემ იმუშავა.

სამორი ბალდე და მის ბავშობის  მეგობარი - გოჩა ხუხუნი ადრეული ასაკიდან ჰიპ-ჰოპის სუბკულტურის მიმდევრები არიან. ჰიპ-ჰოპი მათი ცხოვრების სტილია. დუეტის სახელია  ”ძველი რესურსი” , სადაც სამორი არის  MC და პროდიუსერი, ხოლო გოჩა, მეტსახელად გროტასკი - MC და DJ. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მუსიკალური განათლება არც ერთ მათგანს არ აქვს მიღებული.

ჯგუფი მუშაობისას იყენებს იმ  ტექნოლოგიებს და ხერხებს, რომლებსაც იყენებდნენ  ჰიპ-ჰოპის ე.წ. ”ოქროს ხანაში”  (1980-90წწ).  სწორედ ჯგუფის სახელწოდებაც აქედან მოდის (”ძველი რესურსი”) . DJ გროტასკი ერთადერთი სკრეჩ DJ-ია საქართველოში. იგი არ იყენებს თანამედროვე ციფრულ ეფექტებს და იგივე ეფექტების მიღებას ვინილის ფირფიტებზე არსებული ხმის მეშვეობით ახერხებს. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს - სიმღერების ტექსტებს, მათი შინაარსი ასახავს ახალგაზრდების პრობლემებს, მათ შინაგან სამყაროს, საზოგადოებაში საკუთარი მსოფლმხედველობის დამკვიდრებას, ხშირად გამოხატავს პროტესტს არსებული რეალობის მიმართ და ამიტომ სიმღერების ტექსტების დატვირთვა, მათი ფილოსოფია და მნიშვნელობა ამ მუსიკალურ მიმდინარეობაში უმთავრესია და თანამედროვე ახალგაზრდული ქართული პოეზიის ერთგვარ  გამოვლინებას წარმოადგენს.

 ჯგუფის  პირველი ალბომის, სახელწოდებით  ”გონივრული მოძრაობა” (სწორედ ასე იშიფრება ტერმინი ”ჰიპ-ჰოპ”. Hip-გონივრული, Hop-მოძრაობა) მიზანია საქართველოში ჰიპ-ჰოპ კულტურის დამკვიდრება და განვითარება. ეს კულტურა  ოთხ ძირითად ელემენტს მოიცავს: დიჯეინგს, ემსიინგს, გრაფიტის და ბრეიქდანსს. ალბომი ეძღვნება როგორც ჰიპ-ჰოპ კულტურის მიმდევრებს და ენთუზიასტებს ისე ადამიანებს, ვისთვისაც ეს ურბანული სუბკულტურა შედარებით ახალია.

 ”ჰიპ-ჰოპი ჩვენთვის ადრეული ასაკიდან გახდა თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო, ხოლო დღეისთვის მთავარი საშუალება. ჩვენ გვჯერა, რომ ჰიპ-ჰოპის დანიშნულება ჩვენში არსებული რასობრივი და კლასობრივი საზღვრების წაშლაა, რაც  იყო მისი პირველადი მთავარი მიზანი...”   

                                                                                                                                                                             ჯგუფი ”ძველი რესურსი”

 ალბომის პრეზენტაცია გაიმართება პარასკევს, 21 დეკემბერს, 22:00 საათზე, კლუბ ”სენატში”. ბილეთები იყიდება ”სენატის” სალაროებში. CD ალბომი ”ბრავო რექორდს”-ის სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით  21 დეკემბრიდან გაიყიდება. ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება ალბომი საქართველოს მასშტაბით 350-მდე კომერციულ ობიექტში  შეიძინოს (ლიტერატურული კაფეები, ”ბიბლუსის” ქსელის მაღაზიები, პრესის ჯიხურები, მაღაზია ”გურუ”, სუვენირების მაღაზიები რუსთაველის გამზირზე და ა.შ