ბრავო რექორდსი

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება

prev next

26 მაისიდან ჯგუფი ”შინ”-ის ინოვაციური ალბომი - ”არაჩვეულებრივი გამოფენა” გაყიდვაში იქნება

 

ჯგუფი “შინ”-ი 20 წლიანი გერმანიაში მოღვაწეობის შემდეგ უბრუნდება სამშობლოს, სადაც სხვადასხვა სამომავლო გეგმებთან ერთად ქართველ მსმენელს სთავაზობს უნიკალურ და ინოვაციურ პროექტს, რომელსაც  ”ბრავო რექორდსთან” ერთად CD ალბომის სახით გამოსცემს და ჯგუფის სამშობლოში დაბრუნებას მიუძღვნის.
 
2012 წლის 10 დეკემბერს ქალაქ რიგის კონგრესჰოლში ჯგუფი ”შინ”  ახალი და მეტად ორიგინალური მუსიკალური პროექტით წარსდგა ლატვიელი მსმენელის წინაშე.
 
ლატვიური პროექტის  კონცეფცია აგებული იყო იმ მუსიკალურ ნაწარმოებებზე, რომლებმაც უდიდესი ზეგავლენა მოახდინა ჯგუფის თითოეული წევრის დამოკიდებულებაზე ზოგადად მუსიკის მიმართ. ანუ პრაქტიკულად ეს მუსიკალური პროექტი არის ერთგვარი მიძღვნა იმ მუსიკოსებისადმი, რომლებმაც განაპირობეს ჯგუფ ”შინ”-ის წევრების მუსიკალური მსოფლმხედველობა და კრედო. სწორედ ამიტომაა პროექტის სახელწოდება ”არაჩვეულებრივი გამოფენა”. პროექტში თავმოყრილია გია ყანჩელის, ჩიკ კორეას, ხოაკინ როდრიგოს, მაიკლ სტერნის, მაილს დევისის და რაღა თქმა უნდა ქართული ხალხური მუსიკის მოტივები, რომლებიც ”შინ”-ის წევრებმა ლიეპაის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ახლებლური ინტერპრეტაციით შესთავაზეს ლატვიელ მსმენელს. პროექტის ძირითადი ნაწილი გია ყანჩელის მუსიკალურ თემებს მიეძღვნა, რაც ჯგუფის თითოეული წევრის  მხრიდან უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას გამოხატავს ლეგენდარული ქართველი მაესტროს მიმართ. სიმფონიური ორკესტრის გარდა პროექტში მონაწილეობდნენ ლატვიელი ბექ ვოკალისტები და ლატვიის თანამედროვე ბალეტის მსახიობები.
 
 
ლატვიური პროექტისაგან განსხვავებით ჯგუფ ”შინ”-ის ორიგინალურ და ინოვაციურ პროექტზე მონაწილეობენ: თბილისის სიმფონიური ორკესტრი, ვატო კახიძის ხელმძღვანელობით;  თბილისის კონსერვატორიის ვოკალური სექსტეტი და საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით. გარდა ამისა, სპეციალურად პროექტისათვის მოწვეულები არიან  ცნობილი უცხოელი სესიური მუსიკოსები:
 
-    ხორხე პარდო - ესპანელი  ფლეიტისტი, რომელიც პაკო დე ლუსიასთან  და ჩიკ კორეასთან ერთად არა ერთ პროექტზე მუშაობდა;
-  ილიას მირზაევი - თანამედროვე თურქული მუსიკის წამყვანი კომპოზიტორი, რომელსაც ასევე ეკუთვნის ამ პროექტის ყველა მუსიკალური ნაწარმოების არანჟირება;
- ნორმუნდ შნე - ლატვიელი ჰობოისტი და დირიჟორი, რომელიც სხვადასხვა პროექტებზე მ. რასტრაპოვიჩთან, პ. დონაჰიუსთან, ი.ფაუსტთან და ჯ. ზავინულთან მუშაობდა;
-     რეი კაჩინსკი - ამერიკელი დრამერი, რომლის კარიერაც უკავშირდება რენდი ბრეკერს, ჯო ლოვანოს და რამნად ვ. რაგავალს.
 
პროექტის მუსიკალური კონცეფცია და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანების ჩართულობა ხაზს უსვამს პროექტის მასშტაბურობას და მრავალფეროვნებას, რაც თავის მხრივ კულტურათა დიალოგის ერთგვარი გამოხატულებაცაა.
ჯგუფი ”შინ”-ის ახალ ალბომში შედის 11 მუსიკალური ნაწარმოები. სტუდიური ჩაწერები ”ბრავო რექორდსის” სტუდიაში აპრილში განხორციელდა.
 
CD ალბომის  პრეზენტაციას კონცერტის სახით თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით ”ბრავო რექორდსი” ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზსში 26 მაისს გამართავს, ხოლო საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ინიციატივით 29 მაისს ჩატარდება განმეორებითი კონცერტი
 
კონცერტის მთავარი რეჟისორი: დავით დოიაშვილი
მთავარი ხმის რეჟისორი: აჰიმ ჰუბერი (გერმანია)
მოცეკვავეები: საბალეტო დასი ნინო ანანიაშვილის ხელმძღვანელობით
ქორეოგრაფი: ალექსანდრა ევტიმოვა (მაკედონია)
 
CD ალბომის შეძენა შესაძლებელია 26 მაისიდან ბრავო რექორდსის სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში. ფასი 20 ლარი
(სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიები: ბიბლუსის მაღაზიათა ქსელი, ლიტერატურული კაფეები, მაღაზია გურუ, აეროპორტის მაღაზიები, პრესის ჯიხურები, სუვენირების მაღაზიები რუსთაველის გამზირზ, წიგნის სახლი ბახტრიონის ქუჩაზე, DVD სამყარო, პარნასის ქსელი, პეკინის ქუჩაზე არსებული დისკების მაღაზია, ლესელიძეზე არსებული დისკების მაღაზია, რუსთაველისა და ამირანის კინოთეატრები და ა.შ.)
 
მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა მომავალში ჯგუფი ”შინ” გახდეს ”ბრავო რექორდსის”  Signed მუსიკალური ჯგუფი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფის შემდგომ გრძელვადიან მუსიკალური კარიერის მენეჯმენტს განახორციელებს მუსიკალური ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდსი”.
 

პროექტის მხარდამჭერები:

-         თბილისის  კულტურული ღონისძიებების ცენტრი

-      საქართველოს  კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო 

-       მუსიკალური ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდსი”

 

სპონსორები:

-         პროექტის წარმდგენი - ”ლუდი ნატახტარი”

-         პროექტის სპონსორი - ”ბილაინი”

-         პროექტის სპონსორი - ”კაპაროლი”

-     ღონისძიების ოფიციალური მზღვეველია სადაზღვევო კომპანია არდი ჯგუფი

რადიო მხარდამჭერები:

-         რადიო ”არ დაიდარდო”

-         რადიო ”ფორტუნა”