23 აპრილს, საქართველოს კინოთეატრებში, ძალიან საინტერესო ახალი ფილმის პრემიერა შედგა. ეს არის რეალურ ისტორიაზე დაფუძნებული დოიმინიკ კუკის ისტორიული დრამა “კურიერი”, რომელიც ცივი ომის მოვლენებს ეხება. ის მოგვითხრობს, რეალურ ისტორიას ბრიტანელი ბიზნესმენის შესახებ, რომელიც ცივი ომის დროს, ბირთვულ პროგრამაში შესაღწევად, ცენტრალურ სადაზვერვო სამმართველოს დაეხმარა.
ფილმი ქართველი მაყურებლისთვის, იმით არის გამორჩეული, რომ მსოფლიო კინოვარსკვლავებთან ერთად (ბენედიქტ კამბერბეჩი, რეიჩელ ბროსნაჰენი, ჯესი ბაკლი), ერთ-ერთ მთავარ როლს, ქართველი მსახიობი, მერაბ ნინიძე ასრულებს. ფილმში, ქართველმა მსახიობმა, რუსი ჯაშუშის, ოლეგ პენკოვსკის როლი შეასრულა, რომელიც საბჭოთა შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პოლკოვნიკია.
საქართველოში არსებული კინოთეატრებისთვის (“ამირანი”; “კავეა თბილისი მოლი”; “კავეა სითი მოლი საბურთალო”; “აპოლო ბათუმი”; “კავეა ისთ ფოინთი”; “კავეა გალერია”) ფილმის დუბლირება ქართულ ენაზე, “ბრავო რექორდსის” სტუდიაში შედგა. მთავარ როლებს ახმოვანებენ: გიორგი კაჭახიძე (მერაბ ნინიძე); ივანე ქურასბედიანი (ბენედიქტ კამბერბეჩი) და სხვები.
მერაბ ნინიძე რამდენიმე უცხოურ ფილმშია გადაღებული. 2018 წელს, ამერიკული სერიალ “სამშობლოს” (Homeland) მეშვიდე სეზონში მონაწილეობდა, სადაც რუსი ჯაშუშის, მიროვის როლს ასრულებდა. 2017 წელს, გადაღებულია BBC-ს ინგლისურენოვან სერიალში “მაკმაფია”, სადაც რუსული მაფიის ბოსის როლს ასრულებს. ნინიძე ასევე ამერიკულ ტელესერიალში თამაშობს, რომელსაც “ბერლინის განყოფილება” (Berlin Station) ჰქვია. ცნობილმა ქართველმა მსაიხობმა, მაყურებლის აღიარება მოიპოვა ფილმებით: “მონანიება”, “ქაღალდის ჯარისკაცი”, “მთვარე მამა”, “არსად აფრიკაში” და სხვა.