სანდრო მაზიაშვილი
ხმის რეჟისორი
სანდრო მაზიაშვილი დაბადებული ქალაქ თბილისში. ადრეული ასაკიდან, მე-6 გერმანულ გიმნაზიაში სწავლის პარალელურად, მოღვაწეობდა ანსამბლ მართვეში და არანაკლები წარმატებით დაამთავრა მუსიკალური 7 წლედი.
მისი მუსიკისადმი ინტერესი ბავშვობიდან იკვეთებოდა, შესაბამისად ადრეულ 1990-2000 წლებში მეგობრებთან ერთად შექმნა ბენდი და უკრავდა ალტერნატიულ მუსიკას. დროის სვლასთან და ტექნოლოგიურ პროგრესთან ერთად, სანდრო დაინტერესდა ხმის დამუშავებითა და მისი ჩაწერის ტექნოლოგიებით, რამაც მომავალში უალტერნატივოდ განსაზღვრა მისი პროფესია.
უნივერსიტეტის „ეკონომიკური ინფორმატიკის“ ფაკულტეტის დასრულების შემდეგ, აქტიურად ჩაერთო ხმის რეჟისურისა და შესაბამისი ტექნოლოგიების შესწავლით.
პარალელურად დააფუძნა ხმის ჩამწერი სივრცე “Studio8”. სტუდიის ძირითადი საქმიანობა მუსიკის ჩაწერა და ასევე ტელევიზიებისთვის ფილმების გახმოვანება გახლდათ. ეს უკანასკნელი კი იმ პერიოდში საკმაოდ ახალ ხილად ითვლებოდა.
მუსიკისა და ტელე-აუდიო მიმართულებით მუშაობამ და შეერთებულ შტატებში ამ მიმართულების ტრეინინგებით ცოდნის გაღრმავებამ სანდროს არაერთ ტელევიზიაში თუ მედია კომპანიაში მუშაობაც განაპირობა. როგორებიც იყო: ტელეკომპანია “მზე”, კომპანია “Internews”, სტუდია “NewArtVideo”, “Solo Studio” და ასე შემდეგ. ამასთან ერთად მონაწილეობას იღებდა არაერთი ეროვნული და მათ შორის საერთაშორისო კინოფილმის გადაღებისას ხმის ჩაწერასა თუ მის შემდგომ დამუშავებაში რასაც დღეს უკვე Field Recording და Post Production-ს ეძახიან. ფილმის ხმისადმი ინტერესთან ერთად სანდრო მუსიკალურ სფეროშიც აქტიურად მონაწილეობდა. ხმის რეჟისორის სტატუსით თანამშრომლობდა არაერთ კარგ და ცნობილ ჯგუფებთან, როგორებიც არიან “33ა”, “ReggaeOn”, “Chveneburebi”, “AstroGeorgia”. მრავალი წელია მუშაობს ფესტივალ არტგენზე და არის მისი ორგანიზატორი და ხმის რეჟისორი.
წლების მანძილზე გახლდათ ჯგუფ “Zumbaland”-ის წევრი და ხმის რეჟისორი. ჯგუფმა წარმატებით ჩაატარა არაერთი ევროპული ტური და მონაწილეობა მიიღო არაერთ საერთაშორისო ფესტივალზე. ამასთან ერთად 2011 წელს ლიტვაში ქალაქ ვილნიუსში სანდროს ხმის რეჟისორობით ჩაწერეს ალბომი “Multitest”-ი.
დღესდღეობით სანდრო მუშაობს კომპანია “ბრავო რექორდსში”, გახლავთ ფილმების დუბლირების დეპარტამენტის ხმის რეჟისორი. და ჩვენი სტუდიის ჯგუფთან ერთად ქმნის საქართველოს კინოთეატრების და ასევე ტელევიზიებისთვის ხარისხიან და გემოვნებიან პროდუქტს.