ხმის ჩამწერი კომპანიის - “ბრავო რექორდსის” სტუდია 2011 წლის მარტში, თბილისში გაიხსნა და დღესდღეობით, ტექნიკური მაჩვენებლებით და სტუდიაში მომუშავე პერსონალით, საუკეთესოა როგორც საქართველოში, ასევე მთელს ამიერკავკასიაში.
ჩვენი სტუდიის მიზანია, ქართველმა მუსიკოს-შემსრულებლებმა დასავლეთის წამყვანი ხმისჩამწერი სტუდიების სტანდარტებზე იმუშაონ. სწორედ ამიტომ, “ბრავო რექორდსის” შექმნისას, მთავარი ორიენტირები იყო - მაქსიმალურად კომფორტული გარემო, იდეალური აკუსტიკური პირობები და მუსიკალური სიგნალის უნაკლო ჩაწერა.

სტუდიური ოთახების პროექტირებისას ყველა ის მნიშვნელოვანი დეტალია გათვალისწინებული, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო სტანდარტების აკუსტიკური მონაცემების მისაღწევად. ტექნიკური აღჭურვილობისა და აკუსტიკური პარამეტრების დაპროექტებაზე ბრიტანულმა კომპანია Funky Junk-მა იზრუნა, რომელთა სპეციალისტების მიერ დაპროექტებულია ისეთი მუსიკოსების სტუდიები, როგორებიც არიან - Jamiroquai, Elton John, Eminem და Coldplay.
ლონდონიდან “ბრავო რექორდსმა” სპეციალურად მოიწვია ხმის რეჟისორი მატია სარტორი. მატია ბრიტანულ სტუდია “Mayfair Studios“-ში მუშაობდა. იგი ისეთი ცნობილი შემსრულებლების ალბომების შექმნაში მონაწილეობდა, როგორებიც არიან Madonna, Brian Eno, Coldplay და Mattafix. 2008 წლიდან მატია “Funky Junk“-ში გადავიდა, აქ მას საშუალება მიეცა ემუშავა პოლ სტეისისთან (Oasis, Black Crown) და ანტონიო ფეოლასთან (BBC ორკესტრი და BBC რადიო). 2011 წლიდან მატია ”ბრავო რექორდსშია”.
მუსიკის გარდა, სტუდიის დამატებითი და არანაკლებ მნიშვნელოვანი მიმართულებებია ვიდეო პროდაქშენი და დისკების ტირაჟირება. ”ბრავო რექორდსის” მასტერინგის სტუდია ერთადერთია საქართველოში, რომელიც მხატვრული ფილმების გახმოვანებისა და მათთვის მუსიკის 5.1 ფორმატში დაბალანსების საშუალებას იძლევა . ქართული კინოთეატრებისთვის სტუდიაში უკვე ხორციელდება უცხოური ფილმების ქართულ ენაზე დუბლირების პროექტი. გარდა ამისა, დისკების პროფესიონალური ტირაჟირების დანადგარი - ”Rimage 3400”, საქართველოში უმაღლესი ხარისხის დისკების ქარხნული წესით წარმოების საშუალებას იძლევა.
საწყის ეტაპზე სტუდიის ყველა სახის მომსახურებაზე დაბალი ტარიფები გავრცელდება. ასეთი მიდგომა, ნებისმიერ დამკვეთს საშუალებას მისცემს, საქართველოში მომუშავე სხვა ხმის ჩამწერი სტუდიების ტოლფასი ტარიფებით, საერთაშორისო სტანდარტების მქონე ქართულ ხმის ჩამწერ სტუდიაში იმუშაოს.
“ბრავო რექორდსის” გუნდი