გუშინწინ, ნიუ-იორკში გამართულ Grammy-ის დაჯილდოების მე-60 ცერემონიალზე, ალბომმა, სადაც „ბრავო რექორდს“-ის სტუდიაში ჩაწერილი სინგლი შევიდა, Grammy-ის ჯილდო მოიპოვა.
ეს გახლავთ, ძალიან პოპულარული პუერტო-რიკოელი რეპერის, Residente-ს სადებიუტო სოლო ალბომი, რომელმაც გაიმარჯვა ნომინაციაში, Best Latin Rock, Urban, or Alternative Album.
Residente-მ თავისი პირველი ალბომისთვის, უჩვეულო კონცეფცია შეარჩია. მუსიკოსმა ჩაიტარა გენეტიკური კვლევა, რის შედეგადაც აღმოაჩინა, რომ აფრიკულ, ამერიკულ და ჩინურ გენთან ერთად, კავკასიური გენის მატარებელიცაა. მან მოიარა ანალიზის შედეგად გამოვლენილი გენეტიკური სამშობლოები. ყველა ქვეყანაში, ადგილობრივ, ძირითადად, ფოლკლორის შემსრულებელ მუსიკოსებთან ერთად, სიმღერები ჩაწერა. საქართველოში ყოფნისას, მუსიკოსმა სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა. მათ შორის, სამხრეთ ოსეთში, სადაც საოკუპაციო ზოლი დაათვალიერა და ასევე პანკისში, ანსამბლ „აზნაშის“ შემოქმედებას გაეცნო. სწორედ „აზნაშთან“ ერთად, გადაწყვიტა ომსა და მშვიდობაზე ემღერა. აღსანიშნავია, რომ Residente, მუსიკის გარდა, პოლიტიკითაც ინტერესდება. ის უკვე რამდენიმე წელია, UNICEF-ისა და Amnesty International-ის კამპანიების სახეა. კონფლიქტები, განათლება, თანაბარუფლებიანობა – ეს იმ ძირითადი გლობალური პრობლემების ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებისთვის, მუსიკოსი აქტიურად იბრძვის. სწორედ ამ სადებიუტო ალბომმა, სადაც „ბრავო რექრდსში“ ჩაწერილი სიმღერაც (სახელწოდებით „Guerra“, ქართულად „ომი“ ) შევიდა, 2 დღის წინ, Grammy-ის უმაღლესი მუსიკალური ჯილდო დაიმსახურა. ”ბრავო რექორდსი”, 2 დღის განმავლობაში, თავს იკავებდა ამ სასიხარულო ინფორმაციის გამოქვეყნებისაგან იმ მიზეზით, რომ საქართველოდან გამგზავრების შემდეგ, რეპერმა Residente, მკვეთრი ანტიქართული განცხადებები გააკეთა ამერიკულ მედიაში: თითქოს, საქართველო ჩაგრავს მცირე ერებს – ოსებს, აფხაზებს და აგრესიულ პოლიტიკას ატარებს მათ მიმართ, რაც თავის დროზე, ქართულმა მედიამაც გააშუქა. მუსიკოსის განცხადებები მაშინ „ბრავო რექორდსმაც“ მკვეთრად გააკრიტიკა, თუმცა, პროტესტის მოუხედავად, გარკვეული ფიქრის შემდეგ „ბრავო რექორდსის“ მენეჯმენტმა, მიიღო გადაწყვეტილება, გამოექვეყნებინა ეს უმნიშვნელოვანესი ფაქტი, რადგანაც ეს ქართული მუსიკალური ბიზნესის უდიდესი გამარჯვებაა. აგრეთვე, პირველი დიდი და სერიოზული აღიარებაა მსოფლიოში, ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური დაჯილდოების ცერემონიალზე. განსაკუთრებით აღსანიშნავია, „ბრავო რექორდსის“ მთავარი ხმის რეჟისორის, ალეკო ბერძენიშვილის ნამუშევარი, რომელმაც იმუშავა ამ სინგლის ჩაწერაზე, მიქსინგსა და მასტერინგზე.
გილოცავთ, ამიერიდან ქართული „ბრავო რექორდსის“ რეგალიებს Grammy-ის პრესტიჟული ჯილდოც შეემატება.
იხილეთ www.marketer.ge-ზე სტატია
ალბომმა, სადაც Bravo Records-ში ჩაწერილი ქისტურ-ლათინური სინგლი შევიდა, Grammy მოიპოვა!