ირაკლი ჩარკვიანი – ლეგენდარული ქართველი მუსიკოსი, კომპოზიტორი, პოეტი და მწერალი, „მეფე“… მომღერლის მუსიკალურ კარიერას, 1976 წელს, ჯგუფ „არიშთან“ ერთად ჩაეყარა საფუძველი. შემდეგ მოჰყვა ინდი ჟანრის კოლექტივი „ტაქსი“ – დადა დადიანთან, ბიჭიკო ოსიპოვთან და კახა კიკაბიძესთან ერთად, ანალოგიური სახელწოდების სადებიუტო CD ალბომით, რომელმაც 90-იან წლებში, მსმენელის დიდი მოწონება და დაინტერესება გამოიწვია. ირაკლის სოლო კარიერა, სიმღერით War is Over, დაიწყო. 1993 წელს, მისი პირველი სოლო ალბომი – Svan Songs გამოიცა. იმ პერიოდში, ეს იყო ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რომელმაც ქართულ მუსიკაზე უდიდესი გავლენა იქონია და ერთგვარი გადატრიალება მოაწყო. 1999 წელს, „მეფის“ რიგით მეორე სოლო ალბომი – „აფრენ“ გამოვიდა, შემდეგ – ალბომი „ამო“, სადაც შესულია, მომღერლის ორი ძალიან ცნობილი ჰიტი: „სექსი“ და „ორღანი 78“.
ირაკლი ჩარკვიანი, 2006 წელს გარდაიცვალა, თუმცა მისი მუსიკა, დღესაც ცოცხალია. 2006 წელს, ქართველმა მომღერლებმა და მუსიკოსებმა – „33ა“, „მწვანე ოთახი“, “OUTSIDER”, “ვაკის პარკი“, “The Young Georgian Lolitaz”, „ზუმბა“ და სხვა შემსრულებლებმა, „მეფის“ შემოქმედებას მიუძღვნეს ალბომი, სახელწოდებით „ქაღალდის გემი“. მოგვიანებით, შეგროვდა მუსიკოსის სიცოცხლეში ჩაწერილი უკანასკნელი მუსიკალური მასალა და ერთმანეთის მიყოლებით, გამოიცა ორი სტუდიური ალბომი სახელწოდებით, „ძირს მეფე“ და „თეთრი ღმერთი“. 2014 წელს, „ბრავო რექორდსმა“, ირაკლი ჩარკვიანის კომპილაციური ალბომი – “The Best of King” გამოუშვა, რომელშიც მუსიკოსის შემოქმედებიდან, 11 ჰიტი შევიდა.
15 აგვისტოს, “Check in Georgia-ს“ ფარგლებში, BLACK SEA ARENA-ზე „ბრავო რექორდსისა“ და „Altervision Group-ის“ ორგანიზებით, ირაკლი ჩარკვიანის საღამო – „ირაკლი ჩარკვიანი | ისტორია“ გაიმართა. საღამოს მსვლელობისას, მუსიკოსის ყველაზე პოპულარული და ყველასათვის საყვარელი სიმღერები შესრულდა. კონცერტში მონაწილეობა მიიღეს: „საქართველოს ეროვნული სიმფონიური ორკესტრი“ ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით, სტეფანე, ოთო ნემსაძე, ნინა სუბლატი, ლევან მასპინძელაშვილი, მარიკო ლეჟავა, მაია დარსმელიძე & დათო ევგენიძე, გვანცა ჯაფარიძე, “SOFT EJECT”, “GREEN ROOM”, რობი კუხიანიძე & “OUTSIDER”, “LoudSpeakers” და ერეკლე დეისაძე.
იხილეთ ფოტომასალა