ჯგუფი “ელდრაინი” პირველ CD ალბომს გამოსცემს, რომელიც ეძღვნება ავღანეთში ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველსა და ყველა სხვა ქვეყნის ჯარისკაცს. ამჟამად, “ბრავო რექორდსში”, მიმდინარეობს ალბომის სტუდიური ჩაწერები და დიზაინზე მუშაობა. ახალი ალბომის პრეზენტაცია კონცერტის სახით, 5 ივლისს, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სააქტო დარბაზსში იგეგმება.
ჯგუფი “ელდრაინი”, 2010 წლის დასაწყისში, შეიქმნა. პირველი გამოსვლა, სადაც ჯგუფმა საყოველთაო წარმატება მოიპოვა 2010 წელს შედგა ფესტივალზე ALTERVISION NEW COMERS. 2011 წელს, ჯგუფმა სოლისტად აიყვანა მომღერალი სოფო ტოროშელიძე. ამავე წელს, ჯგუფი წარსდგა და გაიმარჯვა “ევროვიზია 2011-ის” შიდა შესარჩევ კონკურსზე, ხოლო გერმანიაში გამართულ “ევროვიზია 2011-ში”, 43 ქვეყანის მუსიკოსებს შორის მე-9 ადგილი დაიკავა. ევროვიზიიდან რამდენიმე თვეში, ბათუმში, გაიმართა ენრიკე იგლესიასის გრანდიოზული კონცერტი “MTV LIVE GEORGIA”, კონცერტის warm up-ზე, ჯგუფი “ელდრაინი” გამოვიდა.
ჯგუფი “ელდრაინი” ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში გამოირჩევა მაღალი საშემსრულებლო დონით, სიმღერების სოციალური თემატიკით და დახვეწილი რეპერტუარით. ეს ჯგუფის პირველი CD ალბომია, სახელწოდებით – Till The End (ბოლომდე) და იგი ანტიტერორისტულ თემატიკას ეძღვნება. ალბომში შესული კომპოზიციები ჯგუფის წევრების დიდი ხნის ნაფიქრი და ნამუშევარია. მასში შედის თორმეტი ინგლისურენოვანი მუსიკალური ნაწარმოები. ჯგუფის წევრები თავად არიან სიმღერების მუსიკისა და ტექსტის ავტორები. ალბომზე მუშაობის პერიოდში, ისინი მუდმივად ხვდებოდნენ ავღანეთის ომის ვეტერანებს და მათთან საუბრის და კონსულტაციების შედეგად, ქმნიდნენ რეპერტუარს თავიანთი პირველი ალბომისთვის.
ახლო მომავალში, იგეგმება ჯგუფის გასვლითი კონცერტი ავღანეთში, სადაც ისინი წარადგენენ აღნიშნულ ალბომს, საკონცერტო პრეზენტაციის სახით, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი თუ სხვა ქვეყნის ჯარისკაცების წინაშე.
ამ ერთობლივი პროექტით, “ბრავო რექორდსი” და ჯგუფი “ელდრაინი” გამოხატავს უდიდესს თანადგომას და პატივისცემას ყველა იმ ახალგაზრდა სამხედროს მიმართ, რომლებიც იხდიან თავიანთ სამხედრო ვალს უსაფრთხოების მისიის განსახორციელებლად ავღანეთში.
“ბრავო რექორდსი” და ჯგუფი “ელდრაინი” უდიდესს მადლობას უხდის პროექტის მხარდამჭერებს: საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს; გენერალურ სპონსორს – კომპანია გალფს და სპონსორს – “ელიტ ელექტრონიქსს”.