აპრილი 12, 2013 tatakr

“ბრავო რექორდსისა” და ჯგუფი “შინის” ერთობლივი პროექტი – “არაჩვეულებრივი გამოფენა” (ვიდეო)

11 აპრილს, “ბრავო რექორდსში”, გაიმართა პრესკონფერენცია ჯგუფი “შინისა” და “ბრავო რექორდსის” ერთობლივი პროექტის დაწყების შესახებ. გერმანიაში 14 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ, ჯგუფი “შინ” სამშობლოს უბრუნდება, სადაც სხვადასხვა სამომავლო გეგმებთან ერთად, ქართველ მსმენელს სთავაზობს უნიკალურ და ინოვაციურ პროექტს, რომელსაც  “ბრავო რექორდსთან” ერთად, CD ალბომის სახით გამოსცემს და ჯგუფის სამშობლოში დაბრუნებას მიუძღვნის.

2012 წლის 10 დეკემბერს, ქალაქ რიგის კონგრესჰოლში, ჯგუფი “შინ”, ახალი და მეტად ორიგინალური მუსიკალური პროექტით წარსდგა ლატვიელი მსმენელის წინაშე.

ლატვიური პროექტის კონცეფცია აგებული იყო იმ მუსიკალურ ნაწარმოებებზე, რომლებმაც უდიდესი გავლენა იქონია ჯგუფის თითოეული წევრის დამოკიდებულებაზე, მუსიკის მიმართ. პრაქტიკულად, ეს მუსიკალური პროექტი ერთგვარი მიძღვნაა იმ მუსიკოსებისადმი, რომლებმაც განაპირობეს, ჯგუფ “შინის” წევრების მუსიკალური სოფლმხედველობა და კრედო. სწორედ ამიტომაა პროექტის სახელწოდება “არაჩვეულებრივი გამოფენა”. პროექტში თავმოყრილია გია ყანჩელის, ჩიკ კორეას, ხოაკინ როდრიგოს, მაიკლ სტერნის, მაილს დევისის და რაღა თქმა უნდა, ქართული ხალხური მუსიკის მოტივები, რომლებიც “შინის” წევრებმა ლიეპაის სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ახლებლური ინტერპრეტაციით შესთავაზეს ლატვიელ მსმენელს. პროექტის ძირითადი ნაწილი გია ყანჩელის მუსიკალურ თემებს მიეძღვნა, რაც ჯგუფის თითოეული წევრის მხრიდან, უდიდეს პატივისცემასა და დაფასებას გამოხატავს ლეგენდარული ქართველი მაესტროს მიმართ.  სიმფონიური ორკესტრის გარდა, პროექტში მონაწილეობდნენ ლატვიელი ბექ ვოკალისტები და ლატვიის თანამედროვე ბალეტის მსახიობები.

პროექტი იმდენად წარმატებული აღმოჩნდა, რომ “ბრავო რექორდსისა” და  ჯგუფი “შინის” ერთობლივი გადაწყვეტილებით, დაიგეგმა პროექტის CD ალბომად გამოცემა საქართველოში.

გარდა ალბომის გამოცემისა, იგეგმება პროექტის თბილისური პრეზენტაცია, რომელსაც კონცერტის სახით, თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი წარმოადგენს. კონცერტი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს მიეძღვნება და 26 მაისს, დიდ საკონცერტო დარბაზში (ფილარმონიაში) გაიმართება, კონცერტის რეჟისორი დავით დოიაშვილი გახლავთ.

ლატვიური პროექტისგან განსხვავებით, ჯგუფ “შინის” ახალ პროექტზე იმუშავებს თბილისის სიმფონიურ ორკესტრი, ვატო კახიძის ხელმძღვანელობით, თბილისის კონსერვატორიის ვოკალური კვარტეტი და ნინო ანანიაშვილის საბალეტო დასი. გარდა ამისა, სპეციალურად პროექტისათვის, მოწვეული იქნებიან ცნობილი უცხოელი სესიური მუსიკოსები:

  1. ხორხე პარდო – ესპანელი ფლეიტისტი, რომელიც პაკო დე ლუსიასთან და ჩიკ კორეასთან ერთად, არაერთ პროექტზე მუშაობდა;
  2. ილიას მირზაევი – თანამედროვე თურქული მუსიკის წამყვანი კომპოზიტორი, რომელსაც ასევე, ეკუთვნის, ამ პროექტის ყველა მუსიკალური ნაწარმოების არანჟირება;
  3. ნორმუნდ შნე – ლატვიელი ჰობოისტი და დირიჟორი, რომელიც რამოდენიმე პროექტზე ჯოზეფ ზავინულთან მუშაობდა.

გარდა სესიური მუსიკოსებისა, სპეციალურად პროექტისათვის, მიწვიეს ხმის მთავარი ინჟინერი, გერმანელი აჰიმ ჰუბერი და მაკედონელი ქორეოგრაფი, ალექსანდრა ევტიმოვა. პროექტის მუსიკალური კონცეფცია და სხვადასხვა ქვეყნიდან მოწვეული ხელოვანების ჩართულობა, ხაზს უსვამს, პროექტის მასშტაბურობას და მრავალფეროვნებას, რაც თავის მხრივ, კულტურათა დიალოგის ერთგვარი გამოხატულებაცაა.

ჯგუფი “შინის” ახალ ალბომში შევა თორმეტი მუსიკალური ნაწარმოები. სტუდიური ჩაწერები “ბრავო რექორდსის” სტუდიაში, 12 აპრილს დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. პარალელურად, განხორციელდება მუშაობა მუსიკოსების იმიჯზე და ჩამოყალიბდება ალბომის დიზაინის კონცეფცია, რომელზეც სავარაუდოდ, სანდრო ყანჩელი იმუშავებს.

მიმდინარეობს მოლაპარაკებები და შესაძლოა, მომავალში, ჯგუფი “შინ” გახდეს “ბრავო რექორდსის” Signed მუსიკალური ჯგუფი, რაც იმას ნიშნავს, რომ ჯგუფის შემდგომ გრძელვადიან მუსიკალური კარიერის მენეჯმენტს განახორციელებს მუსიკალური ბიზნეს კომპანია “ბრავო რექორდსი”.

პროექტის მხარდამჭერები:

  • თბილისის კულტურული ღონისძიებების ცენტრი
  • კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრო
  • მუსიკალური ბიზნეს კომპანია “ბრავო რექორდსი”

სპონსორები:

  • პროექტის წარმდგენი – “ნატახტარი”
  • პროექტის სპონსორი – “ბილაინი”
  • პროექტის სპონსორი – “კაპაროლი”

რადიო მხარადჭერა:

  • “არ დაიდარდო”
  • “ფორტუნა”

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact