როგორც მოგეხსენებათ, უკვე რამოდენიმე წელია, “ბრავო რექორდსი”, საქართველოს კინოთეატრებისათვის ქართულ ენაზე ექსკლუზიურად ახმოვანებს უცხოურ ფილმებს. რამოდენიმე კვირის წინ, ბრიტანელმა ექსპერტებმა, “ბრავო რექორდსის” სტუდიებში, სპეციალური აუდიტი ჩაატარეს, რომლის შესაბამისადაც, გაუმჯობესდა პერსონალის უნარ-ჩვევები, გადაიარაღდა ტექნიკური აღჭურვილობა და გამკაცრდა უსაფრთხოების სტანდარტები. ამის შედეგად, სამხრეთ კავკასიის რეგიონში პირველად, “ბრავო რექორდსმა” მიიღო TPN-ის (Trusted Partner Network) საერთაშორისო სერთიფიკატი, რომლის შესაბამისადაც, ის იწყებს პირდაპირ თანამშრომლობას მსოფლიოს უმსხვილეს კინოკომპანიებთან Walt Disney, Universal Pictures, Warner Brothers, Sony Pictures, Fox და ა.შ.
სერთიფიცირების შემდეგ, კიდევ უფრო გაუმჯობესდება კინოთეატრებში უცხოური ფილმების ქართულად გახმოვანებისა და დუბლირების ხარისხი და მინიმუმამდე შემცირდება მეკობრულ ბაზარზე, ახალი კინოპროდუქციის გადინების ფაქტები. ბრიტანელ ექსპერტებთან ერთად, TPN-ის სერთიფიკატის მოპოვებაში, “ბრავო რექორდსს”, მისი პარტნიორი – წამყვანი ქართული იურიდიული კომპანია “ბი-ეს-ეიჩ” დაეხმარა.