3 დეკემბერი, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საერთაშორისო დღეა. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს ინიციატივით და მხარდაჭერით, მუსიკალური ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდსი” მუშაობას იწყებს, ახალ მუსიკალურ პროექტზე – ”მე ვხედავ მზეს”. პროექტი გულისხმობს, CD ალბომის გამოცემას, რომელშიც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისა და ცნობილი მომღერლების მიერ შესრულებული 10 სასიმღერო კოლაბორაცია იქნება თავმოყრილი. ალბომში შევა, როგორც ყველასათვის კარგად ნაცნობი და საყავარელი ქართული და უცხოური მუსიკალური ნაწარმოები, ასევე ჯერაც უცნობი სიმღერები შევა.
კოლაბორაციებია:
- ნინი ბადურაშვილი და შაბან მამედოვი
- ნინი ქარსელაძე, გიორგი სუხიტაშვილი და ცოტნე და თორნიკე ტურძელაძეები
- ჯგუფი ”გამოუვალი მდგომარეობა” და მერი პაპუნაიშვილი
- ნოდიკო ტატიშვილი, მარიამ კაპანაძე და თათია მამუკაშვილი
- ნატალიკო ქუთათელაძე და თამარ ცალქალამანიძე
- ბორის ბედია, სულხან გველესიანი და რამინ მიქაბერიძე
- ლიზა ბაგრატიონი, გიორგი უშიკიშვილი და ნიკა წიკლაური
- ანსამბლი ”შვიდკაცა” და ნატალია ვეფხვაძე
- ”ფორტე”, მაიკო ლომიძე და ანი სიხაშვილი
- კვინტეტი „Quintessential Five“ და ქალთა კვარტეტი
პროექტის მუსიკალური ხელმძღვანელი: ცნობილი კომპოზიტორი და მუსიკალური პროდიუსერი რუსა მორჩილაძე.
პროექტის ძირითადი მიზანია, მუსიკალური ნიჭით დაჯილდოვებული შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ახალგაზრდების საზოგადოებრივ ცხოვრებაში, მაქსიმალურად უზრუნველყოს ინტეგრირება და მათი პრობლემის მიმართ, მეტად გამახვილდეს ყურადღება.
ამ ეტაპზე, ”ბრავო რექორდსში“, მიმდინარეობს აქტიური მუშაობა, როგორც სიმღერების ჩაწერებზე, ასევე ალბომის დიზაინზე. დეკემბრის ბოლოს, პროექტი დასრულებული იქნება და ნებისმიერ მსურველს, შესაძლებლობა ექნება, შეიძინოს CD ალბომი, რომელიც გაიყიდება ”ბრავო რექორდსის“ სადისტრიბუციო ქსელის მაღაზიებში. CD ალბომების რეალიზაციიდან შემოსული თანხა, მთლიანად მოხმარდება შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პრობლემების მოგვარებას.
პროექტის სპონსორები არიან:
”კორსტანდარტ ბანკი” და კომპანია ”თალიზი”