ივნისი 12, 2024 tatakr

“ბრავო რექორდსის” მიერ გამოშვებული აფხაზურენოვანი ალბომის პრეზენტაცია სახელწოდებით – “ერთ სიმღერას ვმღერით” (ვიდეო)

წარმოგიდგენთ „ბრავო რექორდსის“ ახალ და განსაკუთრებულ აფხაზურენოვან მუსიკალურ ალბომს სახელწოდებით „ერთ სიმღერას ვმღერით“, რომლის პრეზენტაცია „აფხაზეთობის დღისადმი“ მიძღვნილი საღამოს ფარგლებში 11 ივნისს, ვახტანგ სალარიძის დარბაზში შედგა.

წელს პირველად აფხაზეთის დღის აღნიშვნა აფხაზეთიდან დევნილ მოზარდებსა და ახალგაზრდებს, ასევე, დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში მცხოვრებ მათ თანატოლებს მიეძღვნა.

საღამოზე დამსწრე საზოგადოებას სიტყვით მიმართეს და პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრეს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძემ, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ და პოეტმა და საზოგადო მოღვაწემ, გურამ ოდიშარიამ.

პრეზენტაციაზე ალბომში შესული აფხაზური მუსიკალური კომპო ზიციები ცნობილმა ქართველმა მომღერლებმა შეასრულეს.

ღონისძიებას აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები, აფხაზეთის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები, საქართველოს საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები და პროექტის მონაწილეები ესწრებოდნენ.

პროექტის ფარგლებში, მოხდა დღევანდელ აფხაზეთში ყველაზე პოპულარული თანამედროვე მუსიკალური ჰიტების შერჩევა-გადამუშავება და მათი ახლებურად გააზრებული არანჟირებების შექმნა. სიმღერების ვოკალური ნაწილი აფხაზურ ენაზე პოპულარულმა ახალგაზრდა ქართველმა მომღერლებმა ჩაწერეს.

პროექტში მონაწილეობა მიიღეს: ნუცა თოფურია, ია ჯგერენაია, ნოდიკო ტატიშვილი და სალომე ბაკურაძე, გიორგი ცხადაძე, დუეტი „ჯორჯია“, სოფო გელოვანი და გიორგი სუხიტაშვილი, თიკა მახალდიანი, სოფო ხალვაში, ანსამბლი „ოდა“, მილენა აჟიბა და ნინო პაპავა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „შავნაბადა“.

ალბომში შესულია 10 თანამედროვე აფხაზური პოპ-ჰიტი და ერთი ავთენტური აფხაზური ხალხური სიმღერა, აფხაზეთის სიმღერის სახელმწიფო ანსამბლ „შავნაბადას“ შესრულებით.

პროექტი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს, აფხაზეთის კულტურის, სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა სააგენტოს, იუსტიციისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის საინფორმაციო-ანალიტიკური ცენტრისა და საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მიერ, ჟურნალ „სითისა“ და რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ მხარდაჭერით განხორციელდა.

ალბომში შესული სიმღერების არანჟირებაზე იმუშავეს, საქართველოში ყველაზე ცნობილმა არანჟირების სპეციალისტებმა: ბორიკო შხიანი, მამუკა (პეკე) ბეგაშვილი, ცირა ბზიშვილი და ზაზა ხუბუკელაშვილი

აღნიშნულ ალბომს თან ახლავს ორენოვანი, სამახსოვრო ბრუშურა აფხაზურ და ქართულ ენებზე, სადაც შესულია იმ ცნობილი ადამიანების  ემოციური მოგონებები, რომელთაც თავიანთი განვლილი ცხოვრებით, ან შემოქმედებით გარკვეული ემოციური ბმა ჰქონდათ აფხაზეთთან, მათ შორის არიან: კინორეჟისორები – ლანა ღოღობერიძე და გიორგი ოვაშვილი, მწერლები: გურამ ოდიშარია და ანზორ კუდბა, მომღერალი – ნათია თოდუა, მსახიობი – სალომე დემურია, ჟურნალისტები – ეკა ხოფერია და ეკა წივწივაძე და ასევე „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი – ზაზა შენგელია.

მუსიკალური პროექტი არაკომერციულია, თუმცა საქართველოს საავტორო უფლებების კოლექტიური მართვის ახლადშექმნილი ორგანიზაცია IPOA-ს მიერ მოხდება ალბომში შესული აფხაზი კომპოზიტორებისა და ტექსტის ავტორებისათვის სიმღერების ოფიციალური დალიცენზირება.

პროექტზე მუშაობისას უდიდესი წვლილი მიუძღვის ჟურნალისტსა და აფხაზური ენის თარჯიმანს ირმა ოსიას.

ალბომის დიზაინი ეკუთვნის მხატვარსა და დიზაინერს სანდრო ჩხაიძეს

ალბომში შესული სიმღერების ჩაწერაზე, მიქსინგზე და მასტერინგზე იმუშავა „ბრავო რექორდსის“ მთავარმა ხმის ინჟინერმა, ალეკო ბერძენიშვილმა.

„ბრავო რექორდსის“ გუნდი დიდ მადლობას უხდის პროექტის მხარდამჭერებს: რადიოჰოლდინგ „ფორტუნას“ და ჟურნალ „სითის“.

პროექტის იდეის ავტორი: ზაზა შენგელია

პროდიუსერი: თათა ქრისტესაშვილი

პროდიუსერის ასისტენტი: ელისო ციხელაშვილი

 

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact