”ბრავო რექორდსის” მიერ თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში გამართულმა შტუტგარტის და ლინცის მუსიკალური უნივერსიტეტების პროფესორის, მკვლევარის, დირიჟორის, შუა საუკუნეების (Medieval) მუსიკალურ ინსტრუმენტებზე მსოფლიოში ერთერთი საუკეთესო შემსრულებლის იორგ ჰალუბეკის კონცერტმა ”მოგზაურობა იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის სამყაროში”, სრული ანშლაგითა და ფურორით ჩაიარა. საღამოს წამყვანი იყო თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის საორღანო მიმართულების ხელმძღვანელი ლია ბაიდოშვილი, რომელმაც ამავე დროს კონცერტის მსვლელობაში ასისტირება გაუწია იორგ ჰალუბეკს. საღამო შესავალი სიტყვით გახსნეს ”ბრავო რექორდსის” პრეზიდენტმა ზაზა შენგელიამ და გერმანიის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში პეტერ ფიშერმა, რის შემდეგაც იორგ ჰალუბეკმა კონცერტზე ვირტუოზულად შეასრულა იოჰან სებასტიან ბახის რჩეული ნაწარმოებები, მისი შემოქმედების სხვადასხვა ეტაპიდან. აღფრთოვანებულმა აუდიტორიამ მუსიკოსს ხანგრძლივი ოვაციები გაუმართა. კონცერტის დასრულების შემდგომ დამსწრეთ საშუალება ჰქონდათ შეეძინათ იორგ ჰალუბეკის ფართომასშტაბიანი პროექტის – ”ბახის საორღანო მუსიკის პეიზაჟები” CD ალბომები, რომელთა ტირაჟი სრულად გაიყიდა.
შეგახსენებთ, 2020 წლიდან იორგ ჰალუბეკმა განახორციელა ფართომასშტაბიანი პროექტი სახელწოდებით „ბახის საორღანო პეიზაჟები“, რომლის ფარგლებშიც, მან იმოგზაურა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში და შეისწავლა ორღანთმშენებლობის ტრადიციები, შეხება ჰქონდა ბახის დროინდელ ისტორიულ ინსტრუმენტებთან, გამოიკვლია ამ ქალაქებისთვის დამახასიათებელი კულტურული თავისებურებების გავლენები იოჰან სებასტიან ბახის საორღანო მუსიკის ჟღერადობებზე. იორგ ჰალუბეკმა ვიდეოგადამღებ ჯგუფთან ერთად, იმოგზაურა გერმანიის 10 ქალაქში, დაუკრა იმ ორღანებზე, სადაც თავის გენიალურ კომპოზიციებს ქმნიდა და ასრულებდა იოჰან სებასტიან ბახი და ეს უნიკალური მუსიკალური პროექტი „BERLIN CLASSICS“-ის რექორდ ლეიბლთან ერთად, CD ალბომების სერიად გამოსცა. აღნიშნული მოგზაურობის შედეგად, იორგ ჰალუბეკმა და მისმა ვიდეოგადამღებმა ჯგუფმა შექმნეს უნიკალური ფოტო და 360-იანი VR ვიდეო მასალა, რომელზედაც ამ უნიკალური პროექტის ფარგლებში აღიბეჭდა ბახის ხმოვანი სამყარო – გერმანიის ქალაქები და მათი შემოგარენი, ეკლესიები, ორღანები, ის გარემო, სადაც ცხოვრობდა და თავის მარადიულ მუსიკას ქმნიდა გენიალური იოჰან სებასტიან ბახი.
”ბრავო რექორდსის” 16 წლიანი არსებობის ისტორიაში, ეს იყო პირველი პროექტი, რომელიც რექორდ ლეიბლმა კლასიკური მუსიკის ჟანრში განახორციელა.
პროექტის წარმდგენები: Deutsche Botschaft Tiflis გერმანიის საელჩო თბილისი, თბილისის მერია / Tbilisi City Hall / ProCredit Bank Georgia – პროკრედიტ ბანკი საქართველო
გენერალური სპონსორი: K-array Georgia • ქეი-ერეი საქართველო
სპონსორი: Knauf • კნაუფი
პარტნიორი: IPOA
საინფორმაციო მხარდაჭერა: Rustavi 2 • რუსთავი 2 / რადიოჰოლდინგი Radio Fortuna FM 106,9