თებერვალი 25, 2012 tatakr

სოფო ნიჟარაძემ ამერიკელ პოპ მუსიკის ამომავალ ვარსკვლავთან დეჟა გომესთან “ბრავო რექორდსში” დუეტი ჩაწერა (ვიდეო)

“ბრავო რექორდსმა” სოფო ნიჟარაძის პროექტის ფარგლებში, უპრეცედენტო კოლაბორაცია განახორციელა. სოფო ნიჟარაძე დუეტს ჩაწერს ამერიკული პოპ მუსიკის ამომავალ ვარსკვლავთან, სტივი უანდერის ბექ-ვოკალისტ დეჟა გომესთან. მრავალი ცნობილი მომღერლის კარიერა სწორედ ბექ-ვოკალისტობით იწყება, მათ შორისაა, უიტნი ჰიუსტონიც. სიმღერის ავტორი რუსა მორჩილაძეა. შეიძლება ითქვას, ეს სიმღერა, მის მიერ შექმნილი, ერთ-ერთი საუკეთესოა, რომელიც აუცილებლად ჰიტად იქცევა. არანჟირებას გენიალური მუსიკოსი, წლების მანძილზე, ჯგუფ Earth, Wind & Fire-ის მუსიკალური ხელმძღვანელი მორის ფლეჟერი გაუძღვება. შეიძლება ითქვას, რომ კომპოზიტორებს შორის, მსგავსი დონის თანამშრომლობა, პირველად შედგა. ქართველი და ამერიკელი მუსიკოსების ეს კოლაბორაცია ახალ სიმაღლეზე აიყვანს ამ სფეროში, ჩვენს ურთიერთობებს და მომავალში, არაერთი ერთობლივი პროექტის პერსპექტივას გააჩენს. სიმღერის ტექსტი მეგობრობაზეა. დეჟა გომესთან ერთად, ჩამოდის მისი პროდიუსერი გრეგ ქოკლი, რომელიც ამერიკის მუსიკალური ინდუსტრიის ერთ-ერთი გამოცდილი და სერიოზული წარმომადგენელია. ის იყო Earth, Wind & Fire-ის და სტივი უანდერის ტურ მენეჯერი, ასევე, არაერთი ვარსკვლავის პროდიუსერი. მათ შორის, აშერის, ჩაკა ჰანის, ზიგი მარლეის და ა.შ.

“ბრავო რექორდსი” სოფო ნიჟარაძის 2 დისკიან ალბომზე მუშაობს. ერთ ალბომში – ქართული, ხოლო მეორეში – უცხოური რეპერტუარი შევა, რომელიც სავარაუდოდ, შემოდგომაზე გამოიცემა. სოფოს და დეჟას დუეტი სწორედ უცხოური დისკისთვის არის განკუთვნილი, რომლის ძირითადი ნაწილი შვედეთში ჩაიწერა. ქართულ ალბომში შევა როგორც ჰიტები, ასევე სპეციალურად სოფოსთვის შექმნილი ახალი სიმღერები. ქართული ალბომი მთლიანად “ბრავო რექორდსში” ჩაიწერება.

დეჟა გომესი (Dejah Gomez) ახალგაზრდა მომღერალია. მან სიმღერა ადრეულ ასაკში, ხუთი წლისამ დაიწყო და მხოლოდ 15-ის იყო, როცა თავისი პირველი კონტრაქტი გააფორმა ხმის ჩამწერ სტუდიასთან. იგი პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც სტივი უანდერთან დაიწყო მუშაობა. მას ტურნეები მსოფლიოს გარშემო ჰქონდა და ლეგენდარულ სტივი უანდერთან ერთად, თეთრ სახლშიც იმღერა. დეჟას მსოფლიოში სახელგანთქმულ მესაყვირესთან, კრის ბოტისთან ერთადაც უმღერია. მან American Idol-ის ბენეფისზე მერაია ქერისთან ერთად იმღერა. 2009 წლის, გრემის დაჯილდოებაზე, სიმღერები შეასრულა ჯასტინ ტიმბერლეიკთან, ელ გრინთან, სმოუქი რობინსონთან, ნე-იოსთან და ჯეიმი ფოქსთან. ბროდვეის ტონის ჯილდოს მფლობელ სპექტაკლში- “მეფე ლომი”, დეჟა სიმბას შეყვარებულს, ნალას ანსახიერებდა. როკ’ენ’როლის დიდების ჰოლის 25-ე წლისთავზე ის ჩვენ ვიხილეთ სტივ უანდერის, სტინგის, სმოუქი რობინსონისა და ჯონ ლეჯენდის ბექებში. წლევანდელ გრემის დაჯილდოებაზე მან ქანთრის ლეგენდასთან გლენ ქემპბელთან ერთად იმღერა. 1997 წელს, გამოცემული აქვს პირველი სოლო ალბომი.
www.dejahgomez.com

მორის ფლეჟერი (Morris Pleasure) კონექტიკუტის უნივერსიტეტში სწავლის პირველივე წელს, სასწავლებლიდან გამოიპარა, რათა რეი ჩარლზის მსოფლიო ტურნეზე, ბასზე დაეკრა. თანაშრომლობდა ჯაზისა და R&B-ის ისეთ ტალანტებთან, როგორებიც არიან ჯორჯ დიუკი, ნატალი კოული, რეიჩელ ფერელი, რობერტა ფლეკი, მარკუს მილერი. ბოლო პერიოდში, მუშაობდა რეიჩელ ფერელთან, Earth Wind & Fire-თან, მაქსველთან, მაიკლ ჯექსონთან, ჯენეტ ჯექსონთან, კრისტინა აგილერასთან და დევიდ ფოსტერთან. მისმა კომპოზიციებმა ფილმებშიც გაიჟღერეს. ფილიპ ბეილისთან ერთად, დაწერა  EWF სინგლი Cruisin- სპაიკ ლის ფილმისთვის Get On the Bus. 2009 წელს, ხვდა პატივი, დაეკრა მაიკლ ჯექსონის ბოლო ტურნეზე, მის ბენდთან ერთად, რაც იმავე წლის შემოდგომაზე, ლონდონის O2 Arena-ზე იგეგმებოდა. მორისი და მაიკლის ბენდის დანარჩენი წევრები მაიკლისადმი მიძღვნილ სულისშემძვრელ საღამოზე გამოვიდნენ 2009 წლის 7 ივლისს, ლოს-ანჯელესის Staples Center-ში. ის ასევე მონაწილეობს, ისტორიაში ყველა დროის ყველაზე მაღალრეიტინგულ დოკუმენტურ ფილმში, THIS IS IT, რომელიც მაიკლ ჯექსონის გარდაცვალების შემდეგ შეიქმნა.
www.mopleasure.com

გრეგ ქოკლი (Greg Coacley) – დეჟა გომესის პროდიუსერი. გრეგი 25 წელია მოღვაწეობს მუსიკალურ ბიზნესში, იგი მუშაობდა საუკეთესო მუსიკოსებთან, საუკეთესოთა შორის. იყო Earth Wind and Fire-ს და სტივი უანდერის ტურ-მენეჯერი, ჩაკა ჰანის კონცერტის პროდიუსერი. დააფუძნა საკუთარი კომპანია, რომელიც საკონცერტო ტურებისა და სხვადასხვა ივენთების ორგანიზებას, არტისტების კარიერის მენეჯმენტსა და პრომოუშენს ახორციელებს. მისი კლიენტები არიან Stevie Wonder, Eric Benet, Sinbad, Earth Wind & Fire, Usher, TLC.

დეჟა გომესი თბილისში, 2 მარტს, ჩამოფრინდება. საქართველოში, 6 დღეს დაჰყოფს, რომელიც საკმაოდ დატვირთული იქნება. მის განრიგშია ბრავო რექორდსში სიმღერის ჩაწერა, ჩვენი ქვეყნის ღირშესანიშნაობების დათვალიერება,  კლიპის გადაღება და პრესკონფერენცია.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact