ოთო ნემსაძე 2010 წლის ნამდვილი აღმოჩენაა ქართული მუსიკალური სცენისათვის. იგი “რუსთავი 2-ის” გახმაურებული მუსიკალური პროექტის, “ჯეოსტარიის” გამარჯვებულია. პროექტის გენერალურმა სპონსორმა, “ჯეოსელმა”, ოთოს სადებიუტო ალბომის დაფინანსება გადასცა ჯილდოდ. ოთოს ალბომის ჩაწერას და გამოცემას მუსიკალურ ბიზნეს კომპანია “ბრავო რექორდსი” ახორციელებს.
ალბომის მუსიკალური კონცეფციის იდეა “ჯეოსტარის” ერთ-ერთი ტურის შემდეგ დაიბადა, სადაც ოთომ სიმღერა “თოვლი” შეასრულა. იდეა, ცნობილი კომპოზიტორის და შემსრულებლის, თბილისის კოლორიტისა და საპატიო მოქალაქის ოთარ რამიშვილის სიმღერების ახლებურად შესრულებას გულისხმობდა. ოთარ რამიშვილის საყოველთაოდ ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს თანამედროვე და საკმაოდ ორიგინალური არანჟირებები უნიჭიერესმა მუსიკოსმა, ზვიად ბოლქვაძემ, მიუსადაგა.
ალბომში, სახელწოდებით “ფიქრების ზღვა”, შედის ოთარ რამიშვილის ათი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები. ასევე, ოთოს ერგო პატივი, შეესრულებინა, სამწუხაროდ, ბოლო დუეტი სიმღერაზე “თოვლი”, ოთარ რამიშვილთან ერთად. ეს უკანასკნელი, დამატებით, ბონუს მუსიკალურ ნაწარმოებად შევიდა ამ ალბომში. ოთოს ხმის ტემბრმა და შესრულების მანერამ პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები თანამედროვე არანჟირებით უფრო მიმზიდველი გახადა დღევანდელი ახალგაზრდობისათვის.
სტუდიური ჩაწერები “ბრავო რექორდსში” დასრულებულია და ამ ეტაპზე, მიმდინარეობს ალბომის დიზაინის კონცეფციაზე და საპრეზენტაციო კონცერტის ორგანიზაციულ საკითხებზე მუშაობა. ალბომის საპრეზენტაციო-კონცერტი, რომელიც თბილისის კულტურული ღონისძიების ცენტრის მხარდაჭერით, თბილისობის ღონისძიებების ფარგლებში ტარდება, 5 ოქტომბერს, 20:00 საათზე, მეიდანზე გაიმართება. კონცერტზე გარდა ალბომში შესული თერთმეტი მუსიკალური ნაწარმოებისა, ოთო შეასრულებს დუეტებს, ცნობილ მომღერლებთან ერთად.
პრესკონფერენციის ბოლოს, ოთო შეასრულებს ალბომში შესულ ერთ-ერთი მუსიკალურ ნაწარმოებს – “ფიქრების ზღვა” ცოცხალი ბენდის თანხლებით
პროექტის სპონსორები არიან: კომპანია “ჯეოსელი”, “ბორჯომი” და “ზედაზენი”
საინფორმაციო მხარდამჭერები: Prime Time, “პალიტრა მედია”, ტელეკომპანია “რუსთავი 2”, “ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ”, რადიო “ფორტუნა” და რადიო “არ დაიდარდო”.
პროექტის ოფიციალური მზღვეველია: სადაზღვევო კომპანია “არდი ჯგუფი”
რადიო პარტნიორები არიან: “არ დაიდარდო” და “ფორტუნა”