დეკემბერი 14, 2012 tatakr

“ბრავო რექორდსი” სამორი ბალდესა და გროტასკის სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე მუშაობას ასრულებს (ვიდეო)

“ცეკვავენ ვარსკვლავების” პირველი სეზონის გამარჯვებული, სამორი ბალდე, “ბრავო რექორდსში”,  სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე მუშაობას ასრულებს. პროექტმა “ცეკვავენ ვარსკვლავები”, ახალგაზრდა შემოქმედს დიდი პოპულარობა და ხალხის სიყვარული მოუტანა. პროექტის მხარდამჭერმა ბანკმა “რესპუბლიკამ” ჯგუფი “სოსიეტე ჟენერალი” გაითვალისწინა სამორის უმთავრესი ინტერესი – მუსიკა და მისთვის  ყველაზე სასურველი საჩუქარი, პირველი ალბომის დაფინანსება გადასცა ჯილდოდ. ალბომზე მუშაობა  ამჟამად “ბრავო რექორდსში” მიმდინარეობს და რამოდენიმე დღეში დასრულდება.

“ბრავო რექორდსმა” ჰიპ-ჰოპ ალბომზე მუშაობა თავისი არსებობის ისტორიაში, პირველად განახორციელა, რაშიც მთელი გუნდი ჩაერთო ძალიან დიდი ინტერესითა და გულმოდგინებით. ალბომის დიზაინის კონცეფცია ჯგუფის წევრების ყოველდღიური ცხოვრების სტილის საფუძველზე გაკეთდა, რომელშიც ნათლად ჩანს, მათი სტილი და სოფლმხედველობა. ალბომში შესულია ქართულ ენაზე შესრულებული, ათი მუსიკალური ნაწარმოები. სამორი და გროტასკი ერთობლივად ქმნიან მუსიკალურ კომპოზიციებს, რომელთა არანჟირების და ტექსტის ავტორებიც თავადვე არიან.  ალბომში შესული სიმღერების მიქსინგზე და მასტერინგზე გიორგი გვარჯალაძემ იმუშავა.

სამორი ბალდე და მისი ბავშობის  მეგობარი, გოჩა ხუხუნი, ადრეული ასაკიდან, ჰიპ-ჰოპის სუბკულტურის მიმდევრები არიან. ჰიპ-ჰოპი მათი ცხოვრების სტილია. დუეტის სახელია  “ძველი რესურსი”, სადაც სამორი MC და პროდიუსერია. ხოლო გოჩა, მეტსახელად გროტასკი – MC და DJ გახლავთ. აღსანიშნავია ფაქტი, რომ მუსიკალური განათლება არც ერთ მათგანს არ მიუღია.

ჯგუფი მუშაობისას იყენებს იმ ტექნოლოგიებს და ხერხებს, რომლებსაც იყენებდნენ ჰიპ-ჰოპის ე.წ. “ოქროს ხანაში”  (1980-1990წწ).  სწორედ, ჯგუფის სახელწოდებაც აქედან მოდის (“ძველი რესურსი”) . DJ გროტასკი ერთადერთი სკრეჩ DJ-ია საქართველოში. ის არ იყენებს თანამედროვე ციფრულ ეფექტებს და იგივე ეფექტების მიღებას, ვინილის ფირფიტებზე არსებული ხმის მეშვეობით ახერხებს. რაც შეეხება ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტს, სიმღერების ტექსტებს, მათი შინაარსი ასახავს ახალგაზრდების პრობლემებს, შინაგან სამყაროს, საზოგადოებაში საკუთარი სოფლმხედველობის დამკვიდრებას, ხშირად გამოხატავს პროტესტს არსებული რეალობის მიმართ და ამიტომ სიმღერების ტექსტების დატვირთვა, მათი ფილოსოფია და მნიშვნელობა ამ მუსიკალურ მიმდინარეობაში, უმთავრესია და თანამედროვე ახალგაზრდული ქართული პოეზიის ერთგვარ  გამოვლინებას წარმოადგენს.

ჯგუფის პირველი ალბომის სახელწოდებაა  “გონივრული მოძრაობა” (სწორედ ასე იშიფრება ტერმინი “ჰიპ-ჰოპ”. Hip-გონივრული, Hop-მოძრაობა). ალბომის მიზანია საქართველოში ჰიპ-ჰოპ კულტურის დამკვიდრება და განვითარება. ეს კულტურა  ოთხ ძირითად ელემენტს მოიცავს: დიჯეინგს, ემსიინგს, გრაფიტის და ბრეიქდანსს. ის ეძღვნება, როგორც ჰიპ-ჰოპ კულტურის მიმდევრებს და ენთუზიასტებს, ისე ადამიანებს, ვისთვისაც ურბანული სუბკულტურა შედარებით ახალია.

“ჰიპ-ჰოპი ჩვენთვის ადრეული ასაკიდან გახდა თვითგამოხატვის ერთ-ერთი საუკეთესო, ხოლო დღეისთვის მთავარი საშუალება. ჩვენ გვჯერა, რომ ჰიპ-ჰოპის დანიშნულება, ჩვენში არსებული რასობრივი და კლასობრივი საზღვრების წაშლაა, რაც  იყო მისი პირველადი მთავარი მიზანი…”
– ჯგუფი “ძველი რესურსი”

ალბომის პრეზენტაცია გაიმართება პარასკევს, 21 დეკემბერს, 22:00 საათზე, კლუბ “სენატში”. ბილეთები იყიდება “სენატის” სალაროებში. CD ალბომი “ბრავო რექორდსის” სადისტრიბუციო ქსელის მეშვეობით, 21 დეკემბრიდან გაიყიდება. ყველა მსურველს შესაძლებლობა ექნება ალბომი საქართველოს მასშტაბით 350-მდე კომერციულ ობიექტში  შეიძინოს (ლიტერატურული კაფეები, “ბიბლუსის” ქსელის მაღაზიები, პრესის ჯიხურები, მაღაზია “გურუ”, სუვენირების მაღაზიები რუსთაველის გამზირზე და ა.შ)

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact