დღეს, 25 ოქტომბერს, 14:00 საათზე, „ბრავო რექორდსის“ ლაივ ოთახში, „ბრავო რექორდსისა“ და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს უნიკალური მუსიკალური პროექტის – ”საქართველოს მარგალიტების“ პრესკონფერენცია გაიმართა.
ღონისძიება გამართა:
საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა, გურამ ოდიშარიამ, მინისტრის მოადგილე – ბადრი ბაგრატიონ-გრუზინსკიმ, ღონისძიებებისა და რეგიონებთან კოორდინაციის დეპარტამენტის დირექტორმა – მარინა ბერიძემ, პროექტის იდეის ავტორმა მუსიკოსმა – ლელა მჭედლიძემ, საოპერო მომღერლებმა: ლადო ათანელმა, თეა დემურიშვილმა და მზია ნიორაძემ და ”ბრავო რეკორდსის“ პრეზიდენტმა, ზაზა შენგელიამ.
პროექტი გულისხმობს მსოფლიოში აღიარებული, თითქმის ყველა ქართველი საოპერო მომღერლის მიერ შესრულებული მუსიკალური ნაწარმოებების (საოპერო არიების) გაერთიანებას და ერთ ალბომად გამოცემას.
ალბომში შევა ცნობილი ქართველი მომღერლების მიერ შესრულებული საოპერო ნაწარმოებები სიმფონიური ორკესტრის თანხლებით. საოპერო მომღერლების სიაში შედიან ისეთი დონის შემსრულებლები, როგორებიც არიან: ნინო სურგულაძე, პაატა ბურჭულაძე, ქეთევან ქემოკლიძე, ანიტა რაჭველიშვილი, გიორგი გაგნიძე, ლადო ათანელი, გია ონიანი, ნინო მაჩაიძე, თამრიკო ჯავახიშვილი (ივერი), იანო ალიბეგაშვილი, ნუგზარ გამგებელი, მზია ნიორაძე, თეა დემურიშვილი, ზურაბ სოტკილავა, ბადრი მაისურაძე და მაყვალა ქასრაშვილი. შესრულდება ჯუზეპე ვერდის, ჯაკომო პუჩინის, რუჯერო ლეონკავალოს, ჯოაკინო როსინის, ზაქარია ფალიაშვილისა და სხვა ცნობილი კომპოზიტორების მუსიკალური ნაწარმოებები.
აღსანიშნავია, რომ ყველა ზემოთ ჩამოთვლილი საოპერო მომღერალი, ძირითადად, საზღვრებს გარეთ მოღვაწეობს. ჩვენი ვალია, მათი შემოქმედება, ამ ალბომის სახით, საგანძურად დარჩეს მომავალ თაობებს, როგორც ოქროს ფონდი და ქართული მუსიკალური კულტურის რელიქვია.
მუსიკალური ნაწარმოებები თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სიმფონიური ორკესტრის თანხლებით დასავლური ხარისხის სტანდარტებით ”ბრავო რექორდსის“ სტუდიაში, ეტაპობრივად ჩაიწერება. პროექტს მთავარი დირიჟორი, ჯანლუკა მარჩიანო უხელმძღვანელებს.
ამ ეტაპზე, მიმდინარეობს სტუდიური ჩაწერების დაგეგმვა და ალბომის დიზაინზე მუშაობა. სამომავლოდ, იგეგმება ალბომის პრეზენტაცია კონცერტის სახით, რომელიც თბილისის ზ. ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის შენობის გახსნას დაემთხვევა. პრეზენტაცია-კონცერტზე, საოპერო მომღერლები ცოცხლად შეასრულებენ ალბომში შესულ მუსიკალურ ნაწარმოებებს, სიმფონიური ორკესტრის თანხლებით, დირიჟორ ჯანლუკა მარჩიანოს ხელმძღვანელობით.
პროექტის ოფიციალური მზღვეველია: სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი”