“ბრავო რექორდსში” ნანი ბრეგვაძის პირველი სოლო ალბომის ჩაწერა დაიწყო. 17 იანვარს, “ლაივ რუმში”, ნიკოლოზ რაჭველი, ნოდარ ექვთიმიშვილი (ბასი) და გია სალაღიშვილი (დასარტყამი ინსტრუმენტები) მთლიანი ალბომის ჩონჩხს წერდნენ. ამ დღეებში, ჩაიწერება საქართველოს სიმფონიური ორკესტრი და ნანი ბრეგვაძის ვოკალი.
ნანი ბრეგვაძის შემოქმედებაში, ეს ალბომი პირველია, რომელიც საქართველოში ჩაიწერება და გამოიცემა. პარადოქსია, მაგრამ ასეა. საბჭოთა კავშირის პერიოდში, როგორც თბილისში, ასევე მოსკოვში, უამრავ სიმღერას წერდა ქალბატონი ნანი.
მას შემდეგ, გამოვიდა მომღერლის რამდენიმე დისკი, საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩაწერილი.
ალბომში შევა 12 სიმღერა. რთულია ნანი ბრეგვაძის შემოქმედებიდან 12 სიმღერის ამორჩევა, ამიტომ პროექტის მუსიკალურმა ხელმძღვანელმა, ნიკა რაჭველმა, მომღერლის ბიოგრაფია ალბომის კონცეფციად აქცია და ყველა სიმღერა, სწორედ ამ ბიოგრაფიაზე დაყრდნობით შეირჩა. ალბომის გამოცემას კონცერტი დაემთხვევა.
პროექტი თბილისის მერიისა და კომპანია PSP-ს მხარდაჭერით ხორციელდება.