დღეს, “ბრავო რექორდსში”, ოპერის მომღერალ გოჩა აბულაძის ახალი ალბომის პრეზენტაცია შედგა, რომლის სახელწოდებაა, “აბული”. ალბომში შესულია 10 ყველასათვის საყვარელი სიმღერის განსხვავებული ვერსია: “რაც ამ ქვეყნად სიყვარული მეფობს”, “მთვარეო”, “ტრიალებს”, “იაგუნდი”, “დაიგვიანეს”, “განშორების სიცივე”, “სხვა საქართველო სად არის”, “თოვს”, “როგორც ჩიტი გალიაში” და “ჰერიო ბიჭებო”. სიმღერების უმეტესობაში, აკომპანიმენტს, მუსიკოსი დათო ლონდარიძე უწევს.
მისი მუსიკალური კარიერა ქუთაისის მუსიკალური სასწავლებლიდან და თბილისის კონსერვატორიის დამთავრებიდან იწყება, რის შემდეგაც, სწავლა იტალიაში განაგრძო, სადაც გამოჩენილ საოპერო ვარსკვლავებთან, ორი წელი სწავლობდა. მისი პედაგოგები გახლდნენ, გამოჩენილი არტისტები: ლუბა ლომაკინა, ნოდარ ანდღულაძე, მონსერატ კაბალიე, ვილიამ მატეუცი, რაინა კაბაივანსკა, ლელა კუბერლი, ვაჟა ჩაჩავა და ა.შ.
გოჩა აბულაძე ათამდე საერთაშორისო კონკურსების გამარჯვებულია.
მისი წარმატებული ევროპული კარიერა მრავალ ისტორიულ საოპერო თეატრებს უკავშირდება: არენა დი ვერონა, მარმის რეჯოს თეატრი, ბუსეტოს ვერდის თეატრი, კალიარის თეატრი, გრეინჯ პარკ ოპერა ლონდონი, მონპელიე, ვერონას ფილარმონიკოს თეატრი და სხვა.
ზემოთ ხსენებულ თეატრებში, გოჩამ ოცდაშვიდი მთავარი როლი შეასრულა.
მომღერალს უთანამშრომლია ისეთ დიდ არტისტებთან, როგორებიც არიან: ფრანკო ძეფირელი, უგო დე ანა, დანიელ ორენი, ანდრეა ბატისტონი, დონატო რენცეტი, მარკუს ბოში, გუსტავ კუნი, ფერუჩო ფურლანეტო, მიქელანგელო მაცა, ფრანჩესკო ივან ჩამპა, ლეო ნუჩი და ა.შ.
2014 წელს, გერმანიაში, გოჩა აბულაძე დაასახელეს სეზონის საუკეთესო მომღერლად. აღსანიშნავია, მომღერლის თანამშრომლობა შტუდგარტის ფილარმონიულ ორკესტრთან, სადაც მისი პირველი დისკი ჩაიწერა (ჯუზეპე ვერდის ოპერა “მეფობის ერთი დღე”). ოპერა გადაიცემოდა გერმანიის მთავარი რადიოს პირდაპირ ეთერში. დღეს, ამ დისკის შეძენა შესაძლებელია ევროპის წამყვან მუსიკალურ მაღაზიებში.
მისი ბოლო წარმატება უკავშირდება ამერიკას. წელს, გოჩა აბულაძის დებიუტი შედგა ნიუ იორკში, ისტორიული კარნეგი ჰოლის სცენაზე.
იხილეთ პრესკონფერენციაზე გადაღებული ფოტომასალა