5 ოქტომბერს, ოთო ნემსაძის სადებიუტო ალბომის საპრეზენტაციო კონცერტი, ”ბრავო რექორდსმა” თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრის მხარდაჭერით, ევროპის მოედანზე გამართა. კონცერტი შედგებოდა ორი ნაწილისაგან. პირველ ნაწილში, ოთომ ალბომში შესული ყველა მუსიკალური ნაწარმოები შეასრულა ზვიად ბოლქვაძის, ზურაბ მოსიავასა და ჯგუფ ”ნიუტონის” აკომპანიმენტით. მეორე ნაწილში, ოთო წარსდგა დუეტებით სხვადასხვა ცნობილ მომღერლებთან, ”ბრავო ბენდის” თანხლებით. კონცერტი მიჰყავდა ყველაზე რეიტინგული ქართული სერიალის – ”ჩემი ცოლის დაქალების” პერსონაჟს – კოტე თოლორდავას, იგივე დიტოს.
ოთო ნემსაძე “რუსთავი 2-ის“ გახმაურებული მუსიკალური პროექტის – ”ჯეოსტარის“ გამარჯვებულია (2010წ.). პროექტის გენერალურმა სპონსორმა, ”ჯეოსელმა“, ოთოს სადებიუტო ალბომის დაფინანსება გადასცა ჯილდოდ. ოთოს ალბომის ჩაწერა და გამოცემა მუსიკალურმა ბიზნეს კომპანია ”ბრავო რექორდსმა“ განახორციელა.
ალბომის მუსიკალური კონცეფციის იდეა ”ჯეოსტარის“ ერთ-ერთი ტურის შემდეგ დაიბადა, სადაც, ოთომ სიმღერა „თოვლი“ შეასრულა. იდეა, ცნობილი კომპოზიტორის და შემსრულებლის, თბილისის კოლორიტისა და საპატიო მოქალაქის, ოთარ რამიშვილის სიმღერების ახლებურად შესრულებას გულისხმობდა. ოთარ რამიშვილის საყოველთაოდ ცნობილ მუსიკალურ ნაწარმოებებს, თანამედროვე და საკმაოდ ორიგინალური არანჟირებები უნიჭიერესმა მუსიკოსმა, ზვიად ბოლქვაძემ მიუსადაგა.
ალბომში, სახელწოდებით ”ფიქრების ზღვა”, შედის ოთარ რამიშვილის ათი საუკეთესო მუსიკალური ნაწარმოები. ასევე, ოთოს ერგო პატივი, შეესრულებინა, სამწუხაროდ, ბოლო დუეტი, სიმღერაზე ”თოვლი”, ოთარ რამიშვილთან ერთად. ეს უკანასკნელი, ბონუს მუსიკალურ ნაწარმოებად შევიდა ამ ალბომში. ოთოს ხმის ტემბრმა და შესრულების მანერამ პოპულარული მუსიკალური ნაწარმოებები თანამედროვე არანჟირებით უფრო მიმზიდველი გახადა დღევანდელი ახალგაზრდობისათვის.
პროექტის მხარდამჭერია: თბილისის კულტურულ ღონისძიებათა ცენტრი.
პროექტის სპონსორები არიან: კომპანია ”ჯეოსელი”, ”ბორჯომი” და ”ზედაზენი”.
პროექტის ოფიციალური მზღვეველია: სადაზღვევო კომპანია ”არდი ჯგუფი”
რადიო პარტნიორები არიან: ”არ დაიდარდო” და “ფორტუნა”.