დეკემბერი 8, 2011 tatakr

თამთა ცხვიტავას პირველი ალბომი

თამთა ცხვიტავა პირველი არტისტია, რომელმაც გრძელვადიანი კონტრაქტი გააფორმა “ბრავო რექორდსის” მუსიკალურ ბიზნეს კომპანიასთან. მისი სადებიუტო ალბომი, კი “ბრავო რექორდსის” პირველ სერიოზულ პროექტს წარმოადგენს. თამთა ცხვიტავა მსმენელთა ფართო აუდიტორიისათვის უცნობია, თუმცა ის უნიკალური შემსრულებელია. წლების განმავლობაში, თამთას მუსიკალურ სცენას, თბილისის სხვადასხვა ბარისა და რესტორნის დარბაზები წარმოადგენდა. ერთ დღეს, მან თავისი გამორჩეული ვოკალური მონაცემებით, ჩვენი მუსიკალური პროდიუსერის ყურადღება მიიქცია. თამთას ხმის ტემბრი და მუსიკალური იდენტურობა სრულიად მკაფიო და ყველასგან განსხვავებულია, ამიტომ მისი სასიმღერო ქარიზმაც და საშემსრულებლო მანერაც ნამდვილი აღმოჩენა იქნება მსმენელისათვის. “ბრავო რექორდსმა”, სწორედ ამის გამო შეარჩია თავისი არჩევანი თამთაზე.

კონტრაქტის პირობებით “ბრავო რექორდსი”, 5 წლის განმავლობაში, თამთას ოთხ ალბომს ჩაწერს და გამოსცემს.

“ბრავო რექორდსი” მსოფლიო მუსიკალურ ინდუსტრიაში, აპრობირებული წესების მიხედვით ახორციელებს  თამთას პროექტს. ისევე,  როგორც დასავლური რექორდ “ლეიბლები”,  “ბრავო რექორდსმა”, პირველ რიგში, აღმოაჩინა მომღერალი, შემდეგ  შეურჩია რეპერტუარი, ჩაუწერა ალბომი, შეუქმნა იმიჯი, იზრუნა პრომოუშენზე და რეკლამაზე, კლიპის გადაღებაზე, ალბომის დისტრიბუციაზე, საავტორო უფლებების მართვაზე. ასეთი მასშტაბის პროექტი, საქართველოში, მართლაც პირველად ხორციელდება.

ამჟამად, “ბრავო რექორდსის” სტუდიაში, თამთას სადებიუტო ალბომის ჩაწერა დასრულდა. ახლა მიმდინარეობს მიქსინგი და მასტერინგი. თამთა ცხვიტავას სადებიუტო ალბომში შესულია სპეციალურად თამთასთვის შექმნილი ახალი, ჟანრობრივად მრავალფეროვანი ქართული სიმღერები და რამდენიმე უცხოური სინგლის COVER-ი, რომელთაც თამთა აბსოლუტურად განსხვავებული მანერით ასრულებს.  თამთა თავისი ნაზი ვიბრატოთი მსმენელზე მომნუსხველად მოქმედებს და ყველანაირი სირთულის კომპოზიციას მარტივად ასრულებს. მღერის ქართულ, რუსულ, ინგლისურ, ფრანგულ და ესპანურ ენებზე. შეუდარებლად ასრულებს რუსულ რომანსებს, სიმღერებს ინოლა გურგულიას რეპერტუარიდან.

რეპერტუარზე თვეების განმავლობაში მუშაობდა “ბრავო რექორდსის” გუნდი. საკმაოდ დიდი სამუშაო ჩატარდა და საბოლოოდ, შეირჩა 12 სიმღერა, რომელიც ყველაზე მეტად მოუხდა თამთას უნიკალურ ვოკალს. ყველა სიმღერაში, უკრავს ან მღერის მოწვეული სტუმარი. სტუმრები არიან: დინი ვირსალაძე, ვაჟა მანია, ქართული ხმები, თამაზ ყურაშვილი, ზურა რამიშვილი, გიგი ვანდერი, მარიკო ებრალიძე, ზურა მოსიავა, სულიკო ღაღაშვილი, ლაშა თოფურია, საბა ჩიხლაძე.

თამთას ალბომი ლიცენზირებულია და ყველა ავტორის საავტორო უფლება დაცულია. საპეციალურად თამთასთვის, სიმღერები დაწერეს ქართველმა კომპოზიტორებმა, ესენი არიან: ჯუმბერ ამანათაშვილი, ანა ქასრაშვილი, ნინო ბერიანიძე, დათო არჩვაძე და ნანა ჭანტურია. ალბომში შესულია 4 უცხოური სიმღერა, რომლის საავტორო უფლებებს, “ბრავო რექორდსი” კონონმდებლობის შესაბამისად იცავს.

თამთა ემზადება თავისი პირველი სოლო კონცერტისთვის, რომელიც 23 დეკემბერს, სამეფო უბნის თეატრში გაიმართება. მომღერალს აკომპანიმენტს გაუწევს “ბრავო ბენდი” ირაკლი კვანჭიანის ხელმძღვანელობით და ბრავოს სიმფონიური ორკესტრი გიორგი აფრიამაშვილის ხელმძღვანელობით. ალბომი გაყიდვაში გამოვა 2012 წლის იანვარში.

თამთას მუსიკალური კარიერის მენეჯმენტი დასავლეთის ქვეყნების მუსიკალურ ინდუსტრიაში დამკვიდრებული სტანდარტებისა და წესების შესაბამისად მიმდინარეობს, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, საქართველოში, მუსიკალური ბიზნესის განვითარებას.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact