აპრილი 16, 2016 tatakr

პუერტო რიკოელი რეპერი – რეზიდენტე “ბრავო რექორდსში” სიმღერას წერს

“ბრავო რექორდსში”, მუშაობა დასრულდა, კიდევ ერთ საერთაშორისო პროექტზე. ამჯერად, სტუდიაში, გრემის 3 და ლათინური გრემის 24 ჯილდოს მფლობელის, ცნობილი პუერტო რიკოელი რეპერის, რენე პერეს ჯოგლარისა (René Pérez Joglar) და პანკისური ფოლკლორული ანსამბლ „აზნაშის“ ჩაწერები განხორციელდა.

რენე პერეს ჯოგლარმა, მეტსახელად „რეზიდენტემ“ (Residente), რომელიც ასევე ცნობილია, როგორც ჯგუფ „კალე 13-ის“ (Calle 13) დამაარსებელი და პროდიუსერი, ჯგუფისგან პირველი დამოუკიდებელი ალბომისთვის, უჩვეულო კონცეფცია შეარჩია. მუსიკოსმა ჩაიტარა გენეტიკური კვლევა, რის შედეგადაც აღმოაჩინა, რომ აფრიკულ, ამერიკულ და ჩინურ გენთან ერთად, კავკასიური გენის მატარებელიც არის. მან მოიარა ანალიზის შედეგად გამოვლენილი გენეტიკური სამშობლოები და ყველა ქვეყანაში, ადგილობრივ, ძირითადად, ფოლკლორის შემსრულებელ მუსიკოსებთან ერთად, სიმღერები ჩაწერა. მისი მომავალი ალბომის მთავარი აქცენტი მშვიდობაზე კეთდება. საქართველოში ყოფნისას, მუსიკოსმა, სხვადასხვა კუთხეში იმოგზაურა, მათ შორის, სამხრეთ ოსეთში, სადაც საოკუპაციო ზოლი დაათვალიერა და პანკისში, სადაც ანსამბლ „აზნაშის“ შემოქმედებას გაეცნო. სწორედ „აზნაშთან“ ერთად, გადაწყვიტა ომსა და მშვიდობაზე ემღერა. აღსანიშნავია, რომ რენე პერესი მუსიკის გარდა, პოლიტიკითაც ინტერესდება. იგი უკვე რამდენიმე წელია UNICEF-ისა და Amnesty International-ის კამპანიბის სახეა. კონფლიქტები, განათლება, თანაბარუფლებიანობა – ეს იმ ძირითადი გლობალური პრობლემების ჩამონათვალია, რომელთა მოგვარებისთვის, მუსიკოსი აქტიურად იბრძვის.

მომღერალი HBO-ს გადამღებ ჯგუფთან ერთად მოგზაურობს და ახლო მომავალში, რეჟისორ მარკ დე ბიუფორტის დოკუმენტური ფილმი გამოვა, რომელიც დეტალურად ასახავს რენე პერეს ჯოგლარის უჩვეულო გენეტიკურ თავგადასავალს.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact