სპექტაკლებისთვის დაწერილი უნიკალური კომპოზიციების, რიგით მეორე ალბომის პრეზენტაცია, მოძრაობის თეატრში, 10 ნოემბერს, 20:00 საათზე, ცოცხალი მუსიკის და თეატრალური პერფორმანსების თანხლებით შედგა.
სანდრო ნიკოლაძემ, თანამედროვე სათეატრო მუსიკაში, საკუთარი ხელწერა შეიტანა და ახალი მიმდინარეობა შექმნა.
ალბომი, სახელად “არიელი” / Ariel, “ბრავო რექორდსმა”, საქართველოს საავტორო უფლებამფლობელთა ასოციაციის, GERA-ს მხარდაჭერით გამოსცა.
საქართველოში, არც თუ ისე ბევრ თეატრს ჰყავს კომპოზიტორი, რომელიც სპექტაკლებისთვის საავტორო მუსიკას წერს.
“მოძრაობის თეატრი, ამ მხრივ, ერთ-ერთი ბედნიერი გამონაკლისია. ძალიან მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენი სპექტაკლებისთვის, მუსიკას ისეთი გამორჩეული კომპოზიტორი წერს, როგორიცაა სანდრო ნიკოლაძე”,- აღნიშნავს მოძრაობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი, იოსებ ბაკურაძე.
თანამედროვე ჟღერადობითა და ჟანრობრივი მრავალფეროვნებით გაჯერებული ქართველი კომპოზიტორის მუსიკა, განსაკუთრებულ აღფრთოვანებას იწვევს მოძრაობის თეატრის უცხოელ მაყურებელში. მათი წყალობით, მისი პირველი საავტორო ალბომი, დიდი მოწონებით სარგებლობს არაერთ ქვეყანაში.
სანდრო ნიკოლაძეს, საქართველოში, მსმენელთა დიდი ნაწილი იცნობს, როგორც მუსიკოსს. სხვადასხვა ეტაპზე, თანამშრომლობდა “სუხიშილებთან”, “33 ა-სთან”, Soft Eject-თან, “ფრანთან” და სხვა ცნობილ ბენდებთან და მუსიკოსებთან. ბევრ მათგანთან, დღემდე აგრძელებს მუშაობას. ამავე დროს, სანდრო ნიკოლაძემ, ნიჭიერი მუსიკოსების არაერთი თაობა გაზარდა, რომლებთან ერთად, საინტერესო პროექტები შექმნა.