14 ივნისს, “ბრავო რექორდსმა”, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს პარაოლიმპიურმა კომიტეტმა საზოგადოებას და მედიას წარუდგინა ლონდონი 2012-ის პარაოლიმპიურ თამაშებზე ქართველი სპორტსმენების მხარდამჭერი პროექტი. საქართველოში, ჯერ არ ყოფილა მსგავსი პრეცენდენტი. აქამდე, ასეთი პროექტი არ განხორციელებულა.
პროექტის მიზანია ქართველი პარაოლიმპიელების მხარდაჭერა, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე სპორტსმენების მხარდაჭერა და მოტივირება. პარაოლიმპიური მოძრაობის პოპულარიზაცია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ახალგაზრდებში, მათი მოტივაციის გაზრდა, სპორტით დაინტერესება და პარაოლიმპიურ მოძრაობაში ჩაბმა. შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანების საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელის შეწყობა.
ქართული პარაოლიმპიური კომიტეტი 90-იანი წლებიდან არსებობს, თუმცა პარაოლიმპიურმა მოძრაობამ განვითარება 2006 წლიდან დაიწყო. პირველად, საქართველოს დელეგაციამ, 2008 წლის პეკინის პარაოლიმპიურ თამაშებზე მიიღო მონაწილეობა. პეკინში, საქართველოს სახელით, ერთი ათლეტი იაგო გორგოძე ასპარეზობდა ძალოსნობის დისციპლინაში და შედეგად, მერვე ადგილი დაიკავა. 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს დელეგაცია სავარაუდოდ, ორი ათლეტით წარსდგება: შოთა ომარაშვილი (ძალოსნობა) და ნიკა თვაური (ცურვა).
პროექტის ავტორების ინიციატივით, გადაწყდა, პარაოლიმპიურ მოძრაობაში, ნინი ბადურაშვილის ჩართვა, რადგან ნინი დიდი პოპულარობითა და ხალხის სიყვარულით სარგებლობს. ახალგაზრდობა უსმენს მის მუსიკას და პარაოლიმპიურ პროექტში, ნინის ჩაბმა, საზოგადოების მხრიდან, ამ მოვლენის მიმართ ყურადღების და მხარდაჭერის გარანტი იქნება. ნინი ბადურაშვილი, 2012 წლის ლონდონის პარაოლიმპიურ თამაშებზე, საქართველოს ეროვნული პარაოლიმპიური ნაკრების ოფიციალური მხარდამჭერი იქნება.
აღნიშნული სოციალური პროექტის ფარგლებში, ნინიმ შექმნა, პარაოლიმპიელების მხარდასაჭერი სიმღერა. ტექსტის ავტორი ბიბი კვაჭაძეა. სიმღერაზე გადაიღებენ მუსიკალურ ვიდეოკლიპს. კლიპში აისახება ქართველი და მსოფლიო პარაოლიმპიელი ათლეტების მიღწევები. გამოიყენებენ დოკუმენტურ კადრებსა და ფოტომასალას. ნინი აგრეთვე, მონაწილეობას მიიღებს, საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის მიერ დაგეგმილ სხვადასხვა ღონისძიებებში.