ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილი კამპანიის, „ხმა აიმაღლე მუსიკისთვის“, ფარგლებში, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის მიერ, გამოცხადდა კონკურსი. კონკურსში, მუსიკალური ნაწარმოების შექმნისთვის, გაიმარჯვა კომპოზიტორ მამუკა (პეკე) ბეგაშვილის სიმღერამ, სახელწოდებით, „ავიმაღლოთ დღეს ხმა“.
მუსიკოსები, ამ სიმღერით, გამოხატავენ დღეს, საქართველოს მუსიკალურ ბიზნესში მომუშავე ყველა პროფესიონალის საერთო სატკივარს, რომელსაც მეკობრეობა და საავტორო უფლებების დაცვა ჰქვია. სიმღერას ასრულებენ ცნობილი ქართველი მომღერლები: ნინო ქათამაძე, ოთო ნემსაძე, ბაკურ ბურდული,ნინი ბადურაშვილი, დათო ხუჯაძე, სოფო ხალვაში, რომა რცხილაძე, მარიკო ებრალიძე, დათუნა მგელაძე, თამთა ცხვიტავა, ლევან მასპინძელაშვილი, ნინა სუბლატი, სტეფანე მღებრიშვილი, თაკო გაჩეჩილაძე, ალეკო ბერძენიშვილი, ანი კეკუა, ზუმბა (ზაზა კორინთელი), მარიკო ლეჟავა, გიგი დედალამაზიშვილი, მარიტა როხვაძე. სიმღერის სტუდიური ჩაწერა და მუსიკალური კლიპის გადაღება „ბრავო რექორდსში“ განხორციელდა. კლიპი რეჟისორმა ნესტან სინჯიკაშვილმა გადაიღო.
გამარჯვებულის დაჯილდოვება და მუსიკალური ნაწარმოების პრემიერა, საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის ორგანიზებით შედგა, 26 აპრილს, თბილისის საკრებულოს ისტორიულ შენობაში, ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღისადმი მიძღვნილ მიღებაზე. ღონისძიებას, მოწვეული სტუმრების გარდა, ესწრებოდნენ მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ასევე ცნობილი ქართველი მუსიკოსები და მომღერლები.
პროექტი განხორციელდა ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს მხარდაჭერით.