ჯგუფმა “ელდრაინმა” პირველ CD ალბომი გამოსცა, რომელიც ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველსა და ყველა სხვა ქვეყნის ჯარისკაცს მიეძღვნა. ალბომის სტუდიური ჩაწერა და გამოცემა “ბრავო რექორდსში” განხორციელდა.
“ელდრაინი” ქართულ მუსიკალურ ინდუსტრიაში გამოირჩეოდა მაღალი საშემსრულებლო დონით, სიმღერების სოციალური თემატიკით და დახვეწილი რეპერტუარით. ეს ჯგუფის პირველი CD ალბომია, სახელწოდებით – Till The End (“ბოლომდე”) და ეძღვნება ანტიტერორისტულ თემატიკას. ალბომში შესული კომპოზიციები ჯგუფის წევრების დიდი ხნის ნაფიქრი და ნამუშევარია. მასში შედის 12 ინგლისურენოვანი მუსიკალური ნაწარმოები. ჯგუფის წევრები თავად არიან სიმღერების მუსიკისა და ტექსტის ავტორები. ალბომზე მუშაობის პერიოდში, მუდმივად ხვდებოდნენ ავღანეთის ომის ვეტერანებს და მათთან საუბრის და კონსულტაციების შედეგად, ქმნიდნენ რეპერტუარს თავიანთი პირველი ალბომისთვის.
ახლო მომავალში, იგეგმება ჯგუფის გასვლითი კონცერტი ავღანეთში, სადაც ისინი წარადგენენ აღნიშნულ ალბომს, საკონცერტო პრეზენტაციის სახით, ISAF-ის მისიაში მონაწილე ქართველი თუ სხვა ქვეყნის ჯარისკაცების წინაშე.