ჯგუფი “ელდრაინი” საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა 2011 წელს, როდესაც ევროვიზიის შიდა შესარჩევ კონკურსში გაიმარჯვა და საქართველოს სახელით, გერმანიაში გაემგზავრა. 43 მონაწილეს შორის, ჯგუფმა მე-9 ადგილი დაიკავა. 2011 წლის ზაფხულში, “ელდრაინი” ბათუმში გამართულ MTV-ის კონცერტზე გამოვიდა.
2012 წლის იანვარში, ჯგუფი თავის პროდიუსერებს დაშორდა, რის შემდეგაც, წარმოიშვა დავა, ჯგუფის სახელის გამოყენებასთან დაკავშირებით. წარმოქმნილი დავის განხილვის შედეგად, საქპატენტმა, მიიღო გადაწყვეტილება და სახელი ჯგუფს მიაკუთვნა. სახელთან დაკავშირებული დავის გამო, სამი თვის განმავლობაში, ჯგუფი არსად გამოჩენილა, რამაც საგრძნობლად შეაფერხა “ელდრაინის” კარიერა. დღეიდან, ჯგუფის კარიერის მართვას “ბრავო რექორდსი” ითავსებს. პრესკონფერენციის ბოლოს, “ელდრაინმა” სიმღერა Blind alley-ის აკუსტიკური ვერსია, ცოცხლად შეასრულა.
“ბრავო რექორდსმა” 2012 წლის გაზაფხულზე, დააფუძნა შვილობილი კომპანია “ბრავო ივენთსი”, რომელიც ცოცხალ კონცერტებსა და საკონცერტო ტურებს გაუწევს ორგანიზებას. “ბრავო ივენთში” უკვე გაწევრიანებულია 6 არტისტი, ერთი დუეტი, ორი ჯგუფი, სამი ბენდი და კლასიკური ოქტეტი.
მათ შორის არიან: თამთა ცხვიტავა, ნინი ბადურაშვილი, სოფო გელოვანი, სოფო ბედია, ოთო ნემსაძე, დათუნა მგელაძე, ნინი წიკლაური, გიგი ვანდერის დუეტი (პიანო, ვოკალი) ელდრაინი, ბრავობენდი, ემდიქსი, The Fingers და Camerata Georgia.
“ელდრაინი” “ბრავო ივენთსში” გაერთიანდა და შესაბამისად, მომავალ კონცერტებსა და ზოგადად, მუსიკალური კარიერის შემდგომ განვითარებას, “ბრავო ივენთსის” ეგიდით გააგრძელებს.