11 დეკემბერს, “ბრავო რექორდსის“ სტუდია ჰოვარდ გოსპელის გუნდს მასპინძლობდა. გუნდის წევრებმა, სტუდიაში, ორი მუსიკალური ნომერი ჩაწერეს.
9 დეკემბერს, ჰოვარდ გოსპელის გუნდი ამერიკული ტრადიციული მუსიკის ერთ-ერთი მიმდინარეობის პოპულარიზაციისთვის, ამერიკის საელჩოს მხარდაჭერით, საქართველოს ესტუმრა. მათ, როგორც თბილისში, ასევე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში, უფასო კონცერტები და მასტერკლასები ჩაატარეს. გუნდი 20 მუსიკოს-შემსრულებლისაგან შედგება და ჰოვარდის უნივერსიტეტის სახვითი ხელოვნების მეცნიერებათა კანდიდატი – რეჯინალდ გოლდენი ხელმძღვანელობს.
ჰოვარდ გოსპელის გუნდი 1968 წელს, მელანი როსელის და როზალინდ ტომპკინსის მიერ დაარსდა. გუნდის ყოფილი წევრები არაერთი ჯილდოს მფლობელები არიან: გრემის გამარჯვებული რიჩარდ სმალვუდი, კორ კოტონი, ელბერნიტა კლარკი (ლეგენდარული „კლარკ სისტერსის“ წევრი) და ასევე R&B-ს ვარსკვლავი, ანჯელა ვინბუში.
გუნდმა კონტინენტური ამერიკის ფარგლებში მოგზაურობით, ეროვნული აღიარება მოიპოვა, ხოლო კანადაში, იტალიასა და ბარბადოსზე გასტროლებით, საერთაშორისო სახელი დაიმკვიდრა.