დეკემბერი 25, 2011 tatakr

23 დეკემბერს თამთა ცხვიტავას პირველი კონცერტი გაიმართა (ვიდეო)

23 დეკემბერს, სამეფო უბნის თეატრში, თამთა ცხვიტავას პირველი კონცერტი გაიმართა, რომელმაც სრული ანშლაგით ჩაიარა. კონცერტი მომღერლის სადებიუტო ალბომის “დასაწყისი” პრეზენტაცია იყო. კონცერტზე თამთამ “ბრავობენდთან” და “ბრავოს” სიმფონიურ ორკესტრთან ერთად ალბომში შესული 12 სიმღერა შეასრულა. მათგან, რვა ქართულ სიმღერას შორის, შვიდი სპეციალურად მისთვის იყო დაწერილი. ერთი კი ინოლა გურგულიას სიმღერა. დანარჩენი ოთხი უცხოური სიმღერის cover-ს წარმოადგენდა. ალბომში შესულ ყველა სიმღერაზე, საავტორო უფლებები დაცულია.

კონცერტში მონაწილეობდნენ ის მუსიკოსები, ვინც თამთას სადებიუტო ალბომის ჩაწერაზე იყვნენ მოწვეულნი: დინი ვირსალაძე, გიგი ვანდერი, ქართული ხმები, ვაჟა მანია, მარიკო ებრალიძე, ზურა მოსიავა, ჭაბუკა ამირანაშვილი, ირინა მირიანაშვილი, ლევან კემულარია, სულიკო ღაღაშვილი, საბა ჩიხლაძე და ლაშა თოფურია.

თამთა ცხვიტავას პირველი კონცერტის პირდაპირი ტრანსლაცია, ინტერნეტის მეშვეობით, პროექტის პარტნიორის კავკასუს ონლაინის ვებ-გვერდზე ხორციელდებოდა. კონცერტი თითქმის 2 საათი გაგრძელდა.

თითოეულ სიმღერას წინ უძღოდა მინი ფილმები. სიმღერის ავტორები, პროდიუსერები, მომღერლები, პროექტის მონაწილე მუსიკოსები, თამთასთან ერთად ყვებოდნენ თუ როგორ იქმნებოდა ესა თუ ის სიმღერა. ვხედავდით დოკუმენტურ  კადრებს ჩაწერებიდან, თამთას იმიჯის შეცვლის ამსახველ ვიდეომასალას, ცნობილი ადამიანების შეფასებებსა და სურვილებს. მოწვეული სტუმრები აპლოდისმენტებს არ იშურებდნენ და თითოეული სიმღერის ბოლოს, მქუხარე ტაშით გამოხატავდნენ აღფრთოვანებას. თამთა ცხვიტავა მართლაც ახალი სიტყვაა ქართულ შოუ-ბიზნესში, მისი კონცერტიც შესაბამისად, არასტანდარტული, ორიგინალური სცენარით წარიმართა.

Contact

მის: კოსტავას 68
საზოგადოებრივი მაუწყებლის მე-2 შენობა
საქართველო, თბილისი

ტელ: +995 32 2409340
ელ ფოსტა: info@bravorecords.ge

Developed by Plexygon.com

Contact