ზაზა შენგელია
ბრავო რექორდსის პრეზიდენტი
ზაზა შენგელია დასავლეთის „რკინის ფარდის“ პერიოდში, საქართველოში პირველი სტუდენტური როკ ფესტივალების ორგანიზატორია, რაც უპრეცედენტო იყო 70-80-იანი წლების პერიოდის საბჭოთა საქართველოსთვის. 1989 წელს, ის ვარშავაში, პირადად, შეხვდა და ინტერვიუ ჩამოართვა თავის მუსიკალურ ფავორიტს, ლეგენდარულ სტივი უანდერს. 90-იან წლებშიც, საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდგომ, ზაზამ თავისი კარიერა მთლიანად საქართველოს ტელეინდუსტრიის და მუსიკალური ბიზნესის განვითარებას მიუძღვნა.
ზაზა შენგელია ცნობილი პიროვნებაა მედიის წრეებში, რამდენადაც იგი საქართველოში პირველი დამოუკიდებელი ტელეკომპანიის, “იბერვიზიის” დამაარსებელია, ასევე, 1994 წელს მან უშუალო ხელმძღვანელობით დაფუძნდა საერთაშორისო სატელევიზიო ფესტივალი “მანა”. ამან ქართულ ტელე-სივრცეში მოღვაწე, მრავალ ახალგაზრდა ტელეჟურნალისტს მისცა საკუთარი ნიჭის გამოვლენის საშუალება. 2000 წელს, ზაზა შენგელიამ თავის თანამოაზრეებთან ერთად, შექმნა ტელეკომპანია “მზე”. 1999-2005 წლებში საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო დეპარტამენტის ხელმძღვანელი გახლდათ. მისი მოღვაწეობის პერიოდში, საქართველოს სახელმწიფო ტელე-რადიო კორპორაცია, BBC-ის მოდელით, საზოგადოებრივ მაუწყებლად გარდაიქმნა. პარალელურად, საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლობა ევროპის მაუწყებელთა კავშირის ნამდვილი წევრი გახდა. საქართველოს ტელესივრცეში, ზაზა შენგელიას ინიციატივით, განხორციელდა რამოდენიმე მუსიკალური პროექტი, მასშტაბური მუსიკალური და ტალანტ-შოუები, შედგა პირველი სატელევიზიო მუსიკალური ჩარტები.
ზაზა, წლების მანძილზე, შოუ-ბიზნეის კომპანია Eastern Promotion-ის და სატელევიზიო სტუდიო TBC TV Studio-ს ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო. ეს უკანასკნელი, ათწლეულების მანძილზე, გასართობ, საგანმანათლებლო და დოკუმენტურ სატელევიზიო პროგრამების ფართო სპექტრს ჰქმნიდა სხვადასხვა ქართული სატელევიზიო კომპანიებისათვის.
თავისი მოღვაწეობის მანძილზე, ზაზა შენგელია ისეთ ვარსკვლავებთან თანამშრომლობდა, როგორებიც არიან რეი ჩარლზი, ჯეი ქეი ჯგუფიდან “ჯემიროქვაი“, ჰერბი ჰენკოკი, ჯო კოკერი, ჯო ზავინული, ჯორჯ ბენსონი, ჯეიმს ბრაუნი, ელ ჯერო და სხვა. ყველა ეს ცნობილი მუსიკოსები, მონაწილეობდნენ, სხვადასხვა პერიოდის თბილისის საერთაშორისო ჯაზ ფესტივალებში. 2004 წელს, მან მოსკოვში ინტერვიუ ჩამოართვა, თავის მუსიკალურ კერპს, უიტნი ჰიუსტონს.
უკანასკნელ წლებში, ზაზა შენგელია ტელეკომპანია “რუსთავი 2-ის“ პოპულარული ტალენტ-შოუს, “ვარსკვლავების აკადემიის” ჟიურის თავმჯდომარე გახლდათ. აგრეთვე, 2009 წლის, ევროვიზიიის სიმღერების კონკურსის ეროვნული შერჩევის ჟიურის წევრი. ბრიტანულ მუსიკალურ კომპანია Stephen Budd Management-თან ერთად, ზაზამ, ორგანიზება გაუწია, კონკურსის გამარჯვებული ჯგუფის – Stephane+3G-ის წარმატებულ საგასტროლო ტურნეს ევროპის 14 ქვეყანაში, რის შემდგომაც, პირველად ისტორიაში, ქართული ჯგუფი MTV-ის მუსიკალური ჩარტების მეექვსე ადგილზე მოექცა.
“ბრავო რექორდსის” შექმნაზე, ზაზა შენგელია 33 წელი ოცნებობდა. ამჟამად, ის კომპანიის პრეზიდენტის საპატიო თანამდებობას იკავებს და გუნდის სხვა წევრებთან ერთად, აქტიურად მუშაობს ქართული მუსიკალური ინდუსტრიის განვითარებაზე, ახალგაზრდა და ასევე უკვე ცნობილი მუსიკოს-შემსრულებლების მუსიკალური კარიერის მართვაზე, საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვაზე და საქართველოში, მუსიკალური ინდუსტრიის საკანონმდებლო ბაზის სრულყოფაზე.