დღეს, „ბრავო რექორდსში“, 2015 წლის 4 იანვარს, ნანი ბრეგვაძის დაგეგმილ კონცერტთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართა. ლეგენდარული მომღერალი კონცერტს უწმინდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს, 82-ე დაბადების დღეზე უძღვნის.
კონცერტის მსვლელობისას, სცენაზე გაცოცხლდება ნანი ბრეგვაძის ცხოვრების სხვადასხვა ეტაპები.
კონცერტში მონაწილეობას ასევე მიიღებენ: გიორგი ცაგარელი (ალტი) და “საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრი”, ნიკოლოზ რაჭველის დირიჟორობით.
იდეის და სიმღერების ორიგინალური ვერსიების ავტორი და მუსიკალური ხელმძღვანელი – ნიკოლოზ რაჭველია, დამდგმელი რეჟისორი – დავით დოიაშვილი, მუსიკალური პროდუსერი – მარინა ბერიძე, სცენარის ავტორი – თეო ჯორბენაძე, სცენოგრაფია – გოგიკო საყვარელიძე, მხატვარი – ვანო ჭელიძე, გენერალური პროდუსერი – დავით ოქიტაშვილი.
ღონისძიების ორგანიზატორი საქართველოს კულტურის პალატა გახლავთ, თანაორგანიზატორები – საქართველოს კულტურის სამინისტრო, თბილისის მერია და თბილისის საკრებულო; მხარდამჭერები – კერძო სექტორის წარმომადგენლები. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ: ნანი ბრეგვაძე, ეკა მამალაძე, საქართველოს კულტურის პალატის პრეზიდენტი – დავით ოქიტაშვილი, თბილისის მერიის კულტურის საქალაქო სამსახურის უფროსი – ია მაქაცარია, „ბრავო რექორდსის“ პრეზიდენტი – ზაზა შენგელია და მედიის წარმომადგენლები.
„ბრავო რექორდსი“ ამ ღირსშესანიშნავი ღონისძიების ერთ-ერთი მხარდამჭერია. კომპანია უზრუნველყოფს, კონცერტის მსვლელობისას, ხმის ჩაწერას და კონცერტის DVD დისკების გამოცემას. შეგახსენებთ, რომ ნანი ბრეგვაძემ, საქართველოში, პირველი CD ალმობი სწორედ „ბრავო რექორდსში“ ჩაწერა.